9-07-2019
შვედეთში, ქალაქ უფსალაში ორი წარმოუდგენლად იშვიათი ნავი-სამარხი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მათგანი ხელუხლებელია; მასში არქეოლოგებმა იპოვეს ადამიანის, ძაღლისა და ცხენის საკმაოდ კარგად შემონახული ნაშთები. არქეოლოგთა განცხადებით, აღმოჩენა მნიშვნელოვანია და სამარხი ეკუთვნის მაღალი სტატუსის მამაკაცს.
გემი-სამარხები მთელ ევროპაშია აღმოჩენილი, განსაკუთრებით სკანდინავიაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ზედმეტად გავრცელებული იყო. როგორც ჩანს, ამ ტიპის სამარხებს საზოგადოების მაღალ ეშელონებში, ძალიან მაღალი სტატუსის მქონე პირები იყენებდნენ. ელიტის ასეთ წარმომადგენლებს გემში ან პატარა ნავში მარხავდნენ და თან აყოლებდნენ დიდძალ ძვირფასეულობას.
ხშირად საფლავში ასევე ატანდნენ ძაღლებს, ცხენებსა და სანადირო ფრინველებს.
შვედი არქეოლოგის, ანტონ სეილერის განცხადებით, ამ სახით ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფს კრძალავდნენ და შესაბამისად, სამარხი გემებიც უიშვიათესია.
ეს სამარხები რკინის ხანაში, ახ. წ. 550 წლისთვის ჩნდება და ბოლოს ვიკინგების ეპოქაში, 1050 წლამდე შეიმჩნევა. თუმცა სამწუხაროდ, დროს მრავალი სამარხი ვერ გადაურჩა და ჩვენამდე ფაქტობრივად აღარაფერმა მოაღწია.
შვედეთში ამ დრომდე აღმოჩენილია ამ სახის მხოლოდ 10 ნავი-სამარხი, თანაც, არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში. შესაბამისად, ახლახან აღმოჩენილ ორ სამარხ ნავს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
სამარხები ქალაქ უფსალას ძველ ნაწილში შემთხვევით, სამრევლო სახლის მშენებლობისას აღმოაჩინეს. მოულოდნელად მუშების წინაშე შუა საუკუნეების ჭა და სარდაფი გამოჩნდა, იქვე ერთ-ერთმა მუშამ ნავი-სამარხიც შენიშნა.
გათხრებს ერთი თვე დასჭირდა. ერთი სამარხი მნიშვნელოვნად დაზიანებულია; სავარაუდოდ ის მე-16 საუკუნეში სარდაფის დაშენების შედეგად დაზიანდა.
მეორე სამარხში, ნავის კიჩოში მიაგნეს მამაკაცის ჩონჩხს, წინა ნაწილში კი ცხენისა და ძაღლის ჩონჩხებს. გარდა ამისა, სამარხში ასევე აღმოჩნდა საბრძოლო იარაღები — მახვილები, ფარი და შუბი და სხვა.
გამომდინარე იქიდან, რომ ბოლოს ასეთი სამარხი დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, ჯგუფი კვლევებისთვის გამოიყენებს სამეცნიერო ტექნოლოგიებს, რომლებიც ასეთი საფლავებისთვის აქამდე არასოდეს გამოუყენებიათ. თავად სამარხების შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი — რამდენი წლის იყო სიკვდილის დროს მამაკაცი, როდის დაკრძალეს, ავადმყოფობის შედეგად დაიღუპა თუ ჭრილობის.