10-07-2019
რუსეთის ბაზარში ექსპორტირებული ღვინის უკან ათასობით მევენახე და 100-ზე მეტი ჩვენს საწარმოებში დასაქმებული ადამიანი დგას - აღნიშნა „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ დირექტორმა ზაზა დუგლაძემ.
„გასული წლის რთველის დროს ათასობით მევენახისგან 15 ათასამდე ტონა ყურძენი ჩაიბარა ჩვენმა კომპანიამ. ჩვენს წარმოებაში 120-მდე ადამიანია დასაქმებული, რთველის დროს მათი რაოდენობა 300-ს აჭარბებს, დაუფიქრებელი და პროვოკაციული განცხადებები დარგს მნიშვნელოვნად დააზარალებს“ - აღნიშნა მან. ზაზა დუგლაძის ინფორმაციით, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის 60-65% ექსპორტი რუსეთის ბაზარზე მოდის. „ბაზრების დივერსიფიკაციის პირობებშიც, რუსეთის ბაზარს 60-65% უკავია და ამ ბაზრის დაკარგვის შემთხვევაში ერთნაირად დაზარალდება როგორც მეწარმე, ისე მევენახე, ისე ვაზი და მთლიანობაში ეს დარგი“ - განმარტა კომპანიის დირექტორმა.
ღვინის კომპანია „ფალავანის“ დირექტორის გოგა ფორჩხიძის განცხადებით, რუსეთის ბაზრის დაკეტვა მათ წარმოებას საერთოდ შეაჩერებს, რაც კომპანიასთან ერთად, დააზარალებს მევენახეებსაც. „ქართველი მეღვინეების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას „დაუფიქრებელს“ ვერ დავარქმევდი, სამწუხაროდ, არ ვიცი რას ემსახურება ეს. რუსეთის ბაზრის დაკეტვა დააზარალებს როგორც მეწარმეებს, ისე გლეხებს. 2014 წლის შემდეგ ჩვენმა კომპანიამ გააშენა 35 ჰექტარი ახალი ვენახი, კიდევ 17 ჰა იყიდა, გვაქვს აღებული კრედიტები, რადგან ვხედავდით დარგში წინსვლას და განვითარებას. ამაზე ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ, რადგან ყველამ ვიცით, რომ ამ რაოდენობის ღვინოს სხვა ქვეყნებში ვერ გავყიდით უახლოეს პერსპექტივაში“- აღნიშნა მან.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ შემდეგი განცხადება გააკეთა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.