10-07-2019
“ვხედავთ შესაძლებლობას, რომ კონსტრუქციულად გაგრძელდეს ეს პროცესი და საშემოდგომო სესიაზე, უკვე მაქსიმალურად შეჯერებული გადაწყვეტილებები მივიღოთ პარლამენტში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის სამდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე გამართულ კონსულტაციებს დადებითად აფასებს. მისი თქმით, აშკარაა, რომ პროპორციული არჩევნების სისტემას ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა და მაღალი ინტერესი აქვს.
„განვიხილეთ, პრაქტიკულად, ყველა საკითხი, რაც სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას აინტერესებდა როგორც პროპორციულ არჩევნებთან, ასევე საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში. ვფიქრობ, ეს ფორმატი მოემსახურება იმას, რომ ოპოზიციურ პარტიებს, ხელისუფლებას და მმართველ გუნდს ჰქონდეს კონკრეტული შესაძლებლობა, რომ განიხილოს ყველა აქტუალური საკითხი და ოპოზიციას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ თავისი მოსაზრებები დააფიქსიროს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ამ კონსულტაციების მიმდინარეობა აჩვენებს როგორც ხელისუფლების მზადყოფნას პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე, ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის რეალურ დაინტერესებას თანამშრომლობითა და საქმიანი პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფით.
„ეს უკვე, გარკვეულწილად, სიგნალს აძლევს იმ რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფსაც, რომლებიც თავიდან ცდილობდნენ ამ შესაძლებლობის უგულებელყოფას და ცდილობდნენ,
დესტრუქციული პასუხები გაეცათ ჩვენს გადაწყვეტილებებზე, რომ არჩევნები პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს 2020 წელს”,- განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.