13-07-2019
ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დღეს ადვოკატთან ერთად საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივა.
ხატია დეკანოიძე გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს, რადგან მან განაცხადა, რომ უნდობლობას უცხადებს შსს-ს, როგორც საგამოძიებო ორგანოს.
"ირონიული და სასაცილოა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს ამ საქმეს. მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი კვლავ გახარიაა, ამიტომ ადამიანი, რომელიც თვითონ არის პასუხისმგებელი გავრილოვის ღამეზე, არ შეიძლება, იძიებდეს არავითარ საქმეს. ეს ერთი, მეორე - თქვენ გახსოვთ ყველას, ეს არის ჩვენება შალვა რამიშვილის კანტორის ადამიანის, ვინმე ბერიძის, სადაც ჩაყრილია, პრაქტიკულად, მთელი ოპოზიციური სპექტრი და ეს ჩვენება იდენტურია ასევე სხვა 6 მოწმის ჩვენებისა, რომელიც არის გადაკოპირებული და სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ გამოკითხოს ოპოზიციის ლიდერები და ეს ჩვენება არის, პრაქტიკულად, მტკნარი სიცრუე თავიდან ბოლომდე. მესამე - მე მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, უნდობლობას ვუცხადებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც საგამოძიებო ორგანოს, ვინაიდან არ შეიძლება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იძიებდეს ამ საქმეს, რომელშიც თვითონ არის პასუხისმგებელი პირი და მეოთხე - მე აუცილებლად მოვითხოვ სხდომის გახსნას, საჯაროობას“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.