22-07-2019
ექსპერტი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეხმაურება.
მისი აზრით, ქიბარ ხალვაშმა მკაფიოდ თქვა, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, რომლებსაც თანამედროვე მედია იცნობს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ხალვაშის განცხადებაზე „რუსთავი 2“ - ის რეაქცია, მიანიშნებს იმაზე, რომ „რ2“ საერთაშორისოდ აღიარებულ, ცივილიზებულ მედიასტანდარტებს დღემდე არ ცნობს და არ ეთანხმება.
„ქიბარ ხალვაშის განცხადებასა & რ2-ის რეაქციაზე:
• ხალვაში განცხადებაში მკაფიოდ ამბობს, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, რომლებსაც თანამედროვე მედია იცნობს. სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება არაა მაყურებლისათვის შეურაცხყოფის მიყენება. არაერთხელ მითქვამს, რომ ამგვარი მავნე ზეგავლენისგან როგორიცაა, გინება, ფეიკნიუსები და ცილისწამება და სხვ. მაგალითად, ბრიტანელ ტელემაყურებელს იცავს იქაური მარეგულირებელი Ofcom. თუმცა, ევროპის სხვა ქვეყნებში შიდა ტელემედია-რეგულირება გაცილებით მაღალ სტანდარტზეა, ვიდრე რ2-ის არსებული, მოჩვენებითი ეთიკური სტანდარტი.
• სამწუხაროდ, ხალვაშის განცხადება „რ2“-ისა და ზოგიერთი NGO-ს მიერ [საყოველთაოდ ცნობილი სიტუაციური მოკავშირენი] აღქმულია, როგორც სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს რაზე მიუთითებს? იმაზე, რომ „რ2“ საერთაშორისოდ აღიარებულ, ცივილიზებულ მედიასტანდარტებს დღემდე არ ცნობს და არ ეთანხმება.
• პარადოქსულია, არა? რა გამოდის?
მათთვის სტანდარტის დაცვა მიიჩნევა შეტევად? [იმ 'ენჯეოშნიკების' კონსტრუქციული კრიტიკაც ხომ შტურმად აღიქმება მათ მიერვე?]
რა, ჟურნალისტმა მიზანმიმართულად უნდა იცრუოს და ესაა საერთაშორისო სტანდარტი? და თუ მოთხოვე, რომ შეგნებულად არ ატირაჟიროს სიყალბე, ეს არის დამოუკიდებლობის შეზღუდვა?
გინება, ბინძური შეურაცხყოფაც თავისუფალი მედიის სტანდარტია? ეს ისწავლეს ევროპულ ტრეინინგებზე აქ, სტრასბურგის სასამართლოს საჯარო შეურაცხყოფებზე თვალისდამხუჭველმა ჩვენმა მრავალსტანდარტიანმა NGO-შნიკებმა?..
• მათი რეაქციები არის იმის აღიარება, რომ „რუსთავი 2“ მედია კი არაა, არამედ არ ნაცმოს რუპორი და პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, როგორც ამას თავად ამბობს სტრასბურგის სასამართლოს მლანძღველი ნ.გვარამია.
• კარგია, რომ ხალვაშს სურს გამოცდილი უცხოელი ტოპ მედია-მენეჯერის მოწვევა, თორემ აქაური ზოგიერთი ფსევდოს სტანდარტების იმედზე, წინ ვერ წავალთ.
მშვიდობა და განვითარება საქართველოს! ", - წერს გია აბაშიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ქიბარ ხალვაშის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მისი სურვილია, „რუსთავი 2“ - ის სამართავად ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერის მოწვევა.