18-02-2018
ომი მძვინვარებს. დღე-ღამის ნებისმიერ დროს, აფრიკული ჭიანჭველა მეტაბელეს (Megaponera analis) ჯარები თავიანთ მიწისქვეშა ბუნკერებს ტოვებენ და მომაკვდინებელი თავდასხმისთვის მიემართებიან მსხვერპლისკენ — ტერმიტების ჯარისკაცების არმიისკენ, რომლებიც ჩამწკრივებული დგანან საკვებით მდიდარ ადგილებში.
ბევრი ჭიანჭველა უკან ცოცხალი ვერ ბრუნდება. ზოგიერთი კი ტერმიტების მძლავრ ყბაში მოხვედრის შემდეგ, საშინელ დაზიანებებს იღებს, მაგალითად, კარგავს კიდურებს. ახლახან მკვლევრებმა დააფიქსირეს ქცევა, რომელიც ცხოველებში აქამდე არასოდეს შეუნიშნავთ — დაჭრილი მწერები სასწრაფო დახმარებას იღებენ ჭიანჭველა-ექიმებისგან.
რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ ისეთი სამედიცინო დახმარება, როგორსაც ადამიანები ქირურგებისგან ვიღებთ, მაგრამ ჭიანჭველების ამ ქმედებას შედეგი ნამდვილად მოსდევს.
მწერი-მომვლელები დაჭრილ ჭიანჭველებს რამდენიმე წუთის ან საათის განმავლობაში ინტენსიურად ლოკავენ. რაც ყველაზე ამაღელვებელია, ციცქნა ენით ლოკვას მართლაც გასაოცარი შედეგი მოაქვს და სიცოცხლეს უნარჩუნებს მრავალ ჭიანჭველას.
გერმანიის ვიურცბურგის უნივერსიტეტის მირომეკოლოგების (ჭიანჭველის მეცნიერი) მიერ განხორციელებული დაკვირვებების შედეგად გაირკვა, რომ მკურნალობის შემდეგ, სრულად გამოჯანმრთელდა დაჭრილ ჭიანჭველათა 90 პროცენტი. მათგან, ვისაც ალოკვის თერაპია არ მიუღია, 5-დან 4 მოკვდა. რატომ?
„ვფიქრობთ, რომ ისინი ამას აკეთებენ დაჭრილთა გასასუფთავებლად და ალბათ, ამავე დროს უსვამენ ნერწყვში შემავალ ანტიმიკრობულ ნივთიერებას, რათა შემცირდეს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების რისკები“, — განმარტავს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ერიკ ფრანკი.
დაჭრილებზე ასეთი მზრუნველობა უნიკალურია ცხოველთა სამყაროში, მაგრამ ეს ერთადერთი ქცევა არაა, რომლითაც ჭიანჭველები დაჭრილ მებრძოლებს ეხმარებიან.
შარშან ერიკ ფრანკი იუწყებოდა ამავე სახეობაში (Megaponera analis) შემჩნეული კიდევ ერთი უნიკალური, სიცოცხლის გადამრჩენელი ინსტინქტის შესახებ — როგორ გადაჰყავდათ ჭიანჭველებს ტერმიტებთან ბრძოლაში კიდურებდაკარგული თანამოძმეები საკუთარ ბუდეში.
სახეობის ზოგადი სახელი — მატაბელე — მომდინარეობს აფრიკაში მცხოვრები ჩრდილოეთ ნდებელეს ხალხის მებრძოლებისგან, რომლებიც მრისხანე მეომრები იყვნენ მე-19 საუკუნის კონფლიქტებისას.
ეს ორი კვლევა ერთობლივად ხატავს მომაჯადოებელ სურათს — როგორ უბოძა ევოლუციამ Megaponera analis-ს ბრძოლის ველზე გამოჩენილი უნიკალური თვისებები.
დაჭრილი ჭიანჭველები გამოყოფენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც მათ ამხანაგებს იზიდავს და უღვიძებს დახმარების ინსტინქტს.
საოცარია, რომ თავის მხრივ, გულმოდგინე მაშველებისგან დახმარებას ელოდება დაჭრილი ჭიანჭველაც. შედარებით მსუბუქად დაჭრილი ჭიანჭველები წვებიან და ელოდებიან, როდის წაიყვანენ მაშველები სახლში. მაგრამ ყველაზე სასტიკ შემთხვევებში, როდესაც ჭიანჭველები ხუთ ან ექვს ფეხს კარგავენ, უსარგებლო დახმარებაზე უარს ამბობენ.
„ადამიანთა შემთხვევაში მოქმედებს დახარისხების სისტემა. ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, რომელ პაციენტს სჭირდება დახმარება. ჭიანჭველების შემთხვებაში, ეს სისტემა პირიქითაა, ხშირად ჭიანჭველა თავად ამბობს უარს დახმარებაზე“, — უთხრა ფრანკმა National Geographic-ს.
ეს ნამდვილად არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა ვიხილეთ, როგორ ერთიანდებიან ჭიანჭველები ერთმანეთის გადასარჩენად, საფრთხისგან დასაცავად, მაგრამ მათ ქცევაში აქამდე არასოდეს გვქონდა ნანახი ადამიანის მსგავსი საზრიანობა ან ემოციები, რასაც ისინი ბრძოლის ველზე იჩენენ.
„ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებელი რამ ჭიანჭველათა საზოგადოების შესახებ ისაა, რომ ახასიათებთ ძალიან კომპლექსური და დახვეწილი ქცევა, თანაც ისე, რომ სულ არ სჭირდებათ იმის ცოდნა ან აღქმა, რას აკეთებენ“, — უთხრა ფრანკმა The Guardian-ს.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.