26-07-2019
კრწანისის გამგეობა რაიონში ავარიული შენობების კაპიტალური გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. მწვავედ ავარიული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კაპიტალური გამაგრება ამჯერად, საიათნოვას N13-ში მიმდინარეობს.
სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მას რაიონის გამგეობა 328 934 ლარით აფინანსებს.
პროექტის ფარგლებში, ფუძე-საძირკვლის გამაგრების სამუშაოები უკვე ჩატარდა, მოეწყო სეისმური სარტყელი, მოჩარჩოვდა სარკმელები და საყრდენი კედლები. ამ დროისთვის,შენობის გამაგრების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც ფასადის, აივნების რესტავრაციას, ასევე, ეზოს ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებას გულისხმობს.
სამუშაოები ითვალისწინებს ფლიგელის დაზიანებული დეტალების მოხსნასა და აღდგენას, რის შემდეგაც, მეცხრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი თბილისური ტიპის საცხოვრებელი სახლი პირვანდელი იერსახით აღდგება და შენობის ავთენტურობა სრულად შენარჩუნდება.
გამაგრების სამუშაოებს შპს „გრანიტი“ ახორციელებს. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.