30-07-2019
აზერბაიჯანის მოქალაქე ქალბატონმა ჰუმაი მამედოვამ თავი მოიკლა, რადგან გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი ვერ მიიღო.
10 დღის განმავლობაში ეს მესამე ამგვარი შემთხვევაა. დანარჩენი ორი ადამიანის გადარჩენა, რომლებიც სუიციდის ჩადენას ცდილობდნენ, მოხერხდა, – უამბო Turan-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედი ინტეგრაციის ცენტრის „Leqat“-ის ხელმძღვანელმა ალოვსატ ალიევმა.
ჰუმაი მამედოვა გერმანიის ქალაქ დეგენდორფში, დევნილთა ბანაკში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც თავისი დეპორტაციის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, ქალმა ტაბლეტები გადაყლაპა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას 9 წლის ქალიშვილი დარჩა.
ვებგვერდ WorldData.info-ს მონაცემებით, 2018 წელს აზერბაიჯანის 3719-მა მოქალაქემ სცადა სხვა ქვეყნებში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება. მათ შორის 1783 ადამიანი გერმანიაში ითხოვდა თავშესაფარს, მაგრამ მხოლოდ -134-მა მიიღო.
მთლიანობაში გერმანიაში აზერბაიჯანიდან დევნილი დაახლოებით 1800 ადამიანი ცხოვრობს.
გამოქცეულ ადამიანებს თავშესაფრის მიღების სურვილის არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ პოლიტიკური შეხედულებებისა და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე იდევნებიან.
დაახლოებით ერთი წლის წინათ სუიციდის მსგავსი შემთხვევა ჰოლანდიაში მოხდა –აზერბაიჯანელმა ფიკრეტ მაჰმუდოვმა დევნილთა ბანაკში თავი მოიკლა, რათა სამშობლოში არ დაბრუნებულიყო.