გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ფორბსი“ კამპანიას - „გაატარე ზაფხული საქართველოში“ სტატიას უძღვნის

30-07-2019

„საქართველო ყველას ფიქრებშია ვირუსული ფეისბუქჯგუფის წყალობით“ – ამ სათაურით მოგზაური ჟურნალისტი ბრეანა უილსონი „ფორბსზე“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.


„საქართველოზე ეს ჩემი პირველი სასიყვარულო წერილი არ არის. გასულ წელს თბილისი ყველაზე ამაღელვებელ ქალაქად დავასახელე მსოფლიოში“, – ვკითხულობთ სტატიის პირველსავე აბზაცში. ბრეანა უილსონი მკითხველს თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, სოციალურ ქსელ ფეისბუქში, შექმნილ ჯგუფზე – Spend Your Summer in Georgia უამბობს, რომელიც ერთ ღამეში ვირუსულად გავრცელდა და რეგიონის საუკეთესო საზაფხულო სამოგზაურო კამპანიად იქცა.


„ხუთი ქართველის წამოწყებით გვერდი ერთ ღამეში ვირუსული გახდა. დღეისათვის ის 275 ათას წევრს ითვლის. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სიახლეებს ისე ვერ დაათვალიერებ, რომ უგემრიელესი ხინკლით, შთამბეჭდავი ქართული ტრადიციული ცეკვის სილამაზით მონუსხული არ დარჩე ან საქართველოს შესანიშნავი მრავალფეროვანი გარემოს დალაშქვრის სურვილი არ გაგიჩნდეს““, – წერს ბრეანა უილსონი.


საქართველოზე ოცნებიდან ქვეყანაში რეალურად მოგზაურობისთვის ბრეანა უილსონი მკითხველს რამდენიმე შესაძლებლობას სთავაზობს.
„ტრანსკავკასიური ბილიკი საქართველოს აღმოჩენის სრულიად ახალი შესაძლებლობაა. აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის ორ ათას მილზე გადაჭიმული ბილიკის კონცეფცია 2015 წელს შემუშავდა, ამჟამად ის ფინალურ ეტაპზეა“ – წერს ავტორი.


სტატიის ავტორის თქმით, ერთ-ერთი გზაა ცხენით მოგზაურობაც.


„საცხენოსნო ტურების საშუალებით არის შესაძლებლობა, ჩაეფლოთ საქართველოს სოფლებისა და მწყემსების ცხოვრებაში. ათდღიანი მოგზაურობა მოიცავს საცხენოსნო ტურს. რვა დღის განმავლობაში 5-დან 7 საათამდე უნაგირზე გატარება მოგიწევთ. მოგზაურები ტყეების გავლით, მთებში სულ უფრო მაღლა და მაღლა აჰყავთ. მონასტრებიდან მთის სოფლებამდე, ეს არის საქართველოს აღმოჩენის იშვიათი შესაძლებლობა“ – წერს ბრეანა უილსონი.


მისი თქმით, არსებობს გზა, ​აღბეჭდო საბჭოთა არქიტექტურა ფოტოგრაფიის გაკვეთილებზე.


„ყაზბეგისა და აფხაზეთის ლანდშაფტიდან წყალტუბოს მიტოვებული საბჭოთა შენობებით დასრულებული, ჯეიმს კერვინის თვალი საქართველოს მთელი რიგი სილამაზის აღსაბეჭდად შეუდარებელი შესაძლებლობაა. გასაკვირი არ არის, რომ ის ხელმძღვანელობს ტურს ოქტომბერში და ფოტოგრაფებს დაგეხმარებათ საქართველოს საუკეთესო მხარეების აღბეჭდვაში“, – აღნიშნულია სტატიაში.


ავტორი ყველას ურჩევს, მიირთვან უგემრიელესი კერძები გზად.


„რა არის იმაზე უკეთესი გზა საქართველოს აღმოსაჩენად, ვიდრე დაგემოვნება მთელი მოგზაურობის განმავლობაში? მოგზაურები ყაზბეგში ადგილობრივ გესთჰაუზებში ჩერდებიან, სადაც მათ შეუძლიათ, დააგემოვნონ ტრადიციული საკვები იმ ოჯახთან ერთად, რომელმაც კერძები მოამზადა, ასევე ეწვიონ ქინძმარაულის მარანს, სადაც ადგილობრივი ღვინისა და ყველის ნიმუშებია წარმოდგენილი და დაესწრონ ხინკლის მომზადების მასტერკლასს“, – წერს ბრეანა უილსონი.


ამასთან, სტატიის ავტორი დამოუკიდებელ მოლაშქრეებს სთავაზობს, საქართველოს ღირშესანიშნაობები სპეციალური ფურგონით დაათვალიერონ.







https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930