9-08-2019
როდესაც ცხადი გახდა, რომ გარდაუვალი იყო ომის დაწყება, პირველი წამიდან მე ვიყავი გორში. მოგვიანებით, როდესაც უკვე მოხდა გორის ოკუპაცია, ხელისუფლება კარგა ხანს არ იმჩნევდა, რომ დევნილები გაჩნდნენ, რადგან, როცა რუსთაველზე ტაშფანდური ჰქონდა გამართული და ვაშა გავიმარჯვეთო ყვიროდნენ და თან გვყოლოდა დევნილები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოიქცნენ, ეს არ ჯდებოდა ვითომ გამარჯვებული სააკაშვილის ფილოსოფიაში, ამიტომაც არ იმჩნევდნენ ამას."
ასე აფასებს „რეზონანსთან" პრემიერის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი 2008 წლის ომს და მის, როგორც სახალხო დამცველის ჩართულობას მაშინდელ პროცესებში.
სოზარ სუბარი: 2008 წლის აგვისტოს ომი ყველაზე ტრაგიკული დღეა ჩვენს უახლოეს პერიოდში. უშუალოდ საომარი მოქმედებები 7-8 აგვისტოს დაიწყო, მაგრამ ამ ომისთვის რუსეთი გაცილებით ადრე ემზადებოდა, რაც საბოლოოდ გაფორმდა 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებით.
ომის შედეგი ყველასთვის ცნობილია - საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული, დაპყრობილი 150 სოფელი, ეთნიკური წმენდები ამ ტერიტორიებზე, როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე კოდორის ხეობაში, ახალგორში, საკუთარი სახლებიდან გამოყრილი 30 ათასი ჩვენი მოქალაქე, ათასობით დაჭრილი, ასეულობით დახოცილი, ნაწამები ადამიანები და ოკუპანტის სამხედრო ბაზები საქართველოს გულში - შიდა ქართლში და ულამაზეს და უძველეს ქართულ მიწაზე - აფხაზეთში.
„რეზონანსი": რა წინაპირობა არსებობდა ომის დასაწყებად?
ს.ს.: ერთის მხრივ, რუსეთი მუდმივად ცდილობდა რომ 90-იან წლებში დაწყებული ამოცანა შეესრულებინა და და ამ ორი რეგიონის სრული ოკუპაცია მოეხდინა და მეორე - მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ წინ აღდგომოდნენ რუსეთის პერმანენტულ აგრესიას, პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ რუსეთს ხელფეხი გახსნოდა მორიგი აგრესიისთვის.
რიტორიკა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა, მუდმივი მუქარა, რომ ახალ წელს ცხინვალში შეხვდებიან - თუ სააკაშვილის დაპირებები 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომ „რამდენიმე კვირა დარჩა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე", იყო პირდაპირი წყლის დასხმა ოკუპანტის - რუსეთის წისქვილზე და პუტინის ზრახვებზე.
საქართველოს მეგობრები და საერთაშორისო პარტნიორები არაერთხელ აფრთხილებდნენ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას, რომ რუსეთი პროვოკაციებს ამზადებდა და ამ პროვოკაციებზე არ უნდა წამოგებოდა, თუმცა, თვითონაც პირდაპირ ისწრაფოდა პუტინის ამ აგრესიისთვის, რატომ? მიზეზი ალბათ ძალიან მარტივია, 2007 წელს, როდესაც მან დაიწყო ღია ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ (7 ნოემბერს ვგულისხმობ), ეს ომი მან წააგო, ის იძულებული გახდა გადამდგარიყო, და ამ წაგების და გადადგომის შემდეგ, უსასტიკესი გაყალბებებით შეძლო ძალუფლებაში დაბრუნება.
მან დაინახა, რომ მისი და "ნაციონალური მოძრაობის" აბსოლუტური დელეგიტიმაცია მომხდარი იყო, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას იგი უბრალოდ ეზიზღებოდა და მას სჭირდებოდა რაიმე სერიოზული თემა ყურადღების გადასატანად. და მან სწორედ ომით სცადა, რომ ხალხს დავიწყებოდა ძალადობა, ელიტური კორუფცია და მმართველობის ის ავტოკრატიული სტილი, რომელიც თავს მოახვია ქვეყანას.
შემთხვევითი არ არის, რომ ომიდან რამდენიმე დღეში სააკაშვილმა ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემას პირდაპირ უთხრა, რომ საქართველოს ამ ომში არაფერი არ დაუკარგავს, რომ რუსეთის მიერ დაპყრობილი რამდეიმე ქვა-ღორღიანი ადგილი ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. ეს წამოცდენა კი არ იყო, არამედ ეს იყო მისი აბსოლუტურად გააზრებული პოლიტიკა და დღეს რომ ვითომ დასტირის და მოსთქვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სინამდვილეში ამას მისთვის მართლა არაფერი ფასი არ ჰქონდა.
დიახ, ეს ხეობები, ეს სოფლები მისთვის იყო და არის ჩვეულებრივი ქვების გროვა, მთავარი ის იყო, რომ მან შეინარჩუნა ძალაუფლება, ამისი მკაფიო გამოხატულება იყო ის მძიმე სიტყვები, როდესაც მაშინდელი შს მინისტრის მოადგილე ტელევიზიით გამოვიდა და მთელ საქართველოს „გვახარა", რომ გადავრჩითო, რუსულმა ტანკებმა ორჭოსანთან აუხვიესო. ეს იყო ზუსტად იმის გამოხატულება, რომ მას არ აინტერესებდა საქართველო, ანუ ორჭოსანთან აუხვიეს ნიშნავს, რომ საქართველოს ძირძველი ტერიტორიისკენ, ახალგორის რაიონისკენ დაიძრნენ რუსული ტანკები და მოხდა ამის ოკუპაცია, სამაგიეროდ სააკაშვილი გადარჩა.
„რ": წინ რა უძღვოდა ამას?
ს.ს.: წინ რა უძღვოდა ამას, იმასაც გაგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს პირველმა პარლამენტმა გააუქმა მართლაც საბჭოთა წარმონაქმნი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ახალგორის რაიონი შედიოდა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მიხეილ სააკაშვილმა მცხეთა მთიანეთიდან გამოყო ახალგორი და დე იურე აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპულიკა, სწორედ ამ სააკაშვილის დადგენილი საზღვრების დასაკავებლად წავიდნენ რუსული ტანკები ორჭოსანისკენ და შემდეგ იყო მიშას - ზეიმი „გვეშველა"...
„რ":თქვენ როგორც სახალხო დამცველი ,რა ფორმით იყავით ჩართული პროცესებში ომის დროს?
ს.ს.: როდესაც ცხადი გახდა, რომ გარდაუვალი იყო ომის დაწყება, პირველი წამიდან მე ვიყავი გორში. მოგვიანებით, როდესაც უკვე მოხდა გორის ოკუპაცია, ხელისუფლება კარგა ხანს არ იმჩნევდა, რომ დევნილები გაჩნდნენ, რადგან, როცა რუსთაველზე ტაშფანდური ჰქონდა გამართული და ვაშა გავიმარჯვეთო ყვიროდნენ და თან გვყოლოდა დევნილები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოიქცნენ, ეს არ ჯდებოდა ვითომ გამარჯვებული სააკაშვილის ფილოსოფიაში, ამიტომაც არ იმჩნევდნენ ამას.
პირველი შტაბი დევნილების დასახმარებლად სწორედ ჩემს ოფისში გავხსენი, იქ გროვდებოდა ჰუმანიტარული დახმარება ჩვენი მეგობრებისგან, საერთაშორისო დონორებისგან, იქიდან ვარიგებდით ამ დახმარებას. დევნილები ქუჩაში რომ არ დარჩენილიყვნენ, პირველმა მე დავიწყე მათი დაბინავება, ამ ხალხის შეყვანა დავიწყეთ სკოლებში, საბავშვო ბაღებსა თუ სხვა შენობებში. რა თქმა უნდა, საბავშვო ბაღი, სკოლა მნიშვნელოვანია და სექტემბერიც მოდიოდა, მაგრამ ხალხის დაბინავება და მათი სიცოცხლის უზრუნველყოფა იყო გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი.
მაშინ დამიკავშირდნენ ატენის ხეობიდან გაქცეული გორელები, დაახლოებით 30 ათასი გორელი აფარებდა თავს ატენის ხეობაში და იქ 2 ათასი მაცხოვრებელი იყო და პრაქტიკულად აღარც საჭმელი ჰქონდათ, აღარც სასმელი. დავტვირთე ოთხი ავტობუსი ჩემს თანამშრომლებთან ერთად და შემოვლითი გზებით (საფრთხე იყო, რომ გავეჩერებინეთ რუს ოკუპანტებს) ჩავაღწიეთ იქამდე და შევიტანეთ სურსათი, გამოვიყვანეთ იქიდან უმწეო მდგომარეობაში მყოფი ჩვილები და საავადმყოფოში მივიყვანეთ.
ჩემი მაშინდელი მრჩეველი და დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იყო პირველი, რომელმაც ჩაიცვა რეზინის ჩექმები გამოუცხადა ოკუპანტებს, რომ იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და შევიდა გორსა და ცხინვალს შორის მდებარე სოფლებში, მოიარა, დეტალურად აღწერა რამდენი ადამიანი იყო დარჩენილი, რამდენი სახლი დამწვარი და ზოგადად რა ვითარება იყო, ამის შემდეგ ჩვენ ვეხმარებოდით არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ სარჩელების მომზადებასა და დოკუმენტირებაში, რომლებიც მათ შეჰქონდათ საერთაშორისო სასამართლოებში, (იმ სასამართლოებში, რომლებშიც მაშინ არ შეიტანა სარჩელი მიხეილ სააკაშვილმა და შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა). ამ სარჩელებს შორისაა სარჩელი ჰააგის სასამართლოში, რომელზეც დღეს სააკაშვილი ამბობს თითქოს ის ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ არის მიმართული - ეს პირიქითაა, ამ სასამართლოში გამარჯვება იქნება ოკუპანტის გასამართლება და ქართველი ჯარისკაცების გამართლება.
სააკაშვილს რატომღაც ძალიან ეშინია ამ სასამართლოსი, მაგრამ მე ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ის გასამართლდება პირველ რიგში ქართულ სასამართლოში.
ტყვეების გამოხსნაში უდიდესი მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამერბერგმა, ყოველდღე ერთად ვიჯექით, ვგეგმავდით და ვმსჯელობდით რა გაგვეკეთებინა, ამაში თომას ჰამერბერგს ხელს უშლიდნენ, ერთხელ პირადად გივი თარგამაძემ დაურეკა მას და უთხრა, რომ (სხვათა შორის თანხმობა თქვეს, რომ მე და ჰამერბერგი შევსულიყავით ჩვენი ტყვე ჯარისკაცების მოსანახუკებლად და გამოსახსნელად) სოზარ სუბარი თუ წამოვა, გირჩევნია, რომ არ წახვიდეო და ჰამერბერგი მე მეკითხებოდა როგორ მოვიქცეო და მე ვუთხარი რა თქმა უნდა არ წამოვალ, თორემ მართლა ხელს შეგვიშლიან და ქართველი სამხედრო ტყვეების გამოხსნის პროცესი ჩაიშლება მეთქი.
„რ": იყო თუ არა შესაძლებელი ომის თავიდან არიდება?
ს.ს.: არის მოვლენები რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ ამ ომისკენ როცა ორივე მხარე მიისწრაფოდა, ცხადია მისი აცილება შეუძლებელი ხდება.
ხშირად ისმის აბსურდული კითხვა, რომელიც ნაცმოძრაობის ნარატივის ნაწილია, რომ ვინ დაიწყო ომი? ჩვენ არ შევჭრილვართ ხაბაროვსკში, კრასნოიარსკში, ქართული ჯარი იბრძოდა თავის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ყველამ ძალიან კარგად იცის ვინცაა ოკუპანტი, ომიც მან დაიწყო, მაგრამ რატომ ცდილობენ ასე დაჟინებით პედალირებას ამ კითხვებზე? იმიტომ, რომ გადაფარონ თავიანთი დანაშაული და სირცხვილი, რომ ვერ შეძლეს ომის თავიდან აცილება, რომ ისტორიაში შევლენ, როგორც ხელისუფლება, რომელმაც ტერიტორიები დაკარგა და პირადად სააკაშვილი დარჩება ისტორიაში იმ შეშინებული მთავარსარდლის კადრით, რომელმაც გორში სტუმარი მიატოვა და დამფრთხალი ხოხავდა მტვერსა და ტალახში.