13-08-2019
შპს „ფრეგოსთან“ დაკავშირებული პატიმრობაში მყოფი პირების, გიორგი თოფჩიშვილისა და ვლადიმერ ყველაშვილის ადვოკატი ნანი ფრიდონაშვილი კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
როგორც უფლებადამცველი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფები მზად არიან, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცენ და გამოძიებასთან აქტიურად ითანამშრომლონ.
ნანი ფრიდონაშვილი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა, საგამოძიებო უწყება „ფრეგოსთან“ დაკავშირებულ პირებზე ზეწოლას ახდენდა.
„ძალიან არასწორად იყო ინფორმაცია აგორებული, თითქოს, დაატარებდნენ „ფრეგოსთან“ დაკავშირებულ პირებს ფინანსურ პოლიციაში, თითქოს, რაღაც ზეწოლა ხდებოდა, რამდენიმე მილიონს ითხოვდნენ და ა.შ. მსგავსი მართლაც არაფერი ხდებოდა. ის ადამიანი რომელიც არის „ფრეგოსთან“ დაკავშირებული, შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ჩემთან ერთად იყო ფინანსურ პოლიციაში მისული. ჩემ გარეშე არც ერთხელ არ მისულა. დაკავების პირველი წუთიდან მის გვერდით ვიყავი, ერთად ვიყავით როდესაც დაგვიბარეს და იქ მოხდა დაკავება“, - აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, საგამოძიებო უწყების მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფ არც ერთ პირზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
„მეორე, ვინც ასევე ,,ფრეგოსთან“ დაკავშირებული პირია, ის დააკავეს გაცილებით ადრე. თუმცა რა თქმა უნდა მასთანაც მქონდა კომუნიკაცია და მსგავსი არაფერი არ ყოფილა. პირველ დღეებში ძალიან აქტიურად იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს იბარებდნენ, ემუქრებოდნენ, მსგავსი არაფერი არ ყოიფილა და ყოველ შემთხვევაში ჩემთან არაფერი უთქვამთ და მე ამის შემსწრე არა ვარ“, - განმარტავს ნანი ფრიდონაშვილი.
ადვოკატი აცხადებს, რომ „ფრეგოს“ შესყიდვებით დაკავშირებული პირი ვლადიმერ ყველაშვილი გამოძიებასთან ითანამშრომლებს და გამოთქვამს სურვილს რომ ზიანი აანაზღაუროს.
„საქმე, რომელზეც ახლა მიდის გამოძიება საკმაოდ მოცულობითია და დაახლოებით 11 ტომია ეს მასალა. აღმკვეთ ღონისძიებად იქნა გამოყენებული პატიმრობა, თუმცა, ჩვენი თხოვნა იყო, რომ გირაო ყოფილიყო შეფარდებული და დღეის მდგომარეობით არის ასეთი წინადადება ჩვენგან, რომ ეს პიროვნება, რომელიც ფრეგოსთან არის დაკავშირებული, ვინც იყო შესყიდვებით დაკავშირებული, ვლადიმერ ყველაშვილი, გამოთქვამს მზაობას რომ ზიანი აანაზღაუროს. 2 მილიონ 800 ათასის ფარგლებშია ზიანი, დაახლოებით. გარდა მაგისა, მნიშვნელოვნად დაზარალდა კომპანია და აუცილებელია რომ ამუშავდეს. ეს ერთგვარად ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ამაზე საგამოძიებო უწყებაც ფიქრობს და აანალიზებს, იმიტომ რომ დაახლოებით არის 400-მდე თანამშრომელი, მათ უკან კიდევ ოჯახები დგას და დღეს სრულიად გაჩერებულია საკმაოდ წარმატებული კომპანია“, - აცხადებს ადვოკატი.
უფლებადამცველი იმ წინადადებებზეც საუბრობს, რაც მათ საგამოძიებო უწყებასთან აქვთ.
„ჩვენგან არის თხოვნა და შეთავაზება საგამოძიებო უწყების მიმართ, რომ ამ ადამიანების მიმართ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება, გაგრძელდეს გამოძიება, ვითანამშრომლებთ ჩვენ გამოძიებასთან და დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას, რაც ჩვენზეა დამოკიდებული და რაც ჩვენს ხელთ არის.
შესყიდვებზე ვინც იყო მიმაგრებული, ის ადამიანი მზად არის ზიანი აანაზღაუროს. ჩვენი თხოვნაა რომ პატიმრობა შეიცვალოს სხვა აღკვეთის ღონისძიებით და მოგვეცეს საშაულება, რომ კომპანიამ სრულფასოვნად იმუშაოს და არ დაზარალდეს ძალიან ბევრი ადამიანი. 403 თანამშრომელია კომპანიაში, მათ უკან კი მინიმუმ სამი ადამიანია. ეს ადამიანები არიან აბსოლუტურად გაურკვეველ ვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რომ არავის ინტერესებში არ არის ასეთი წარმატებული კომპანიის დახურვა. ეს არის ჩვენი შეთავაზება, ამის მერე რა იქნება და რა პასუხს მივიღებთ, ეს რა თქმა უნდა საგამოძიებო უწყებაზე არის დამოკიდებული“, - აცხადებს ნანი ფრიდონაშვილი.