გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკის საკონსულო ზურაბ სანიკიძეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს

21-08-2019

ამერიკის საკონსულო საქართველოში ზურაბ სანიკიძის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშვნის ფაქტს ეხმაურება და მას ამ თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

ზურაბ სანიკიძე, ამერიკის საელჩოს ლიდერთა პროგრამისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის მმართველობის სკოლის კურსდამთავრებულია. 

14 აგვისტოს იგი დაინიშნა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარედ.

"ვულოცავთ ჩვენს გამორჩეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დაწინაურებას და მიღწევას" - წერს აშშ-ის საელჩო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზურაბ სანიკიძე უხელმძღვანელებს. იგი პროფესიით იურისტია (საერთაშორისო სამართალი).
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; მინიჭებული აქვს ორი უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრის ხარისხი, კერძოდ: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის – საერთაშორისო საჯარო სამართლის და ადამიანის უფლებების სპეციალობით, ასევე, გაეროს საერთაშორისო სამართლისა და მართლმსაჯულების უნივერსიტეტის – საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით.

ზურაბ სანიკიძემ წარმატებით გაიარა მენეჯმენტისა და სტრატეგიული დაგეგმარების პროგრამა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში. ასევე, წარჩინებით დაამთავრა საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებათა სამართლის სხვადასხვა კურსი სტრასბურგის რენე კასინის სახელობის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში, საერთაშორისო სწავლების ჟენევის უნივერსიტეტსა და სისხლის სამართლის მეცნიერებათა უმაღლესი სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტში. გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსი და პროგრამა საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით – John Smith Trust Fellowship-ის პროგრამა დიდ ბრიტანეთში, International Visitor Leadership-ის პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვ.

2015 წლის იანვრიდან 2019 წლის 12 აგვისტომდე იყო იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;

2010-2014 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მრჩევლად, ხოლო შემდეგ – დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;

2012 წელს მუშაობდა ჰააგაში, საერთაშორისო სისხლის სასამართლოს სააპელაციო ინსტანციაში;

2008-2010 წლებში სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე მართლმსაჯულების დეპარტამენტსა და გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თავისუფლებისა და თანასწორობის სამმართველოში;

2007 წელს სტაჟიორად მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

ზურაბ სანიკიძე იუსტიციის სამინისტროში მუშაობის განმავლობაში, ex officio, იყო: სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საბჭოს მდივანი; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი; ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) ფორუმის თავმჯდომარე; საქართველოს წარმომადგენელი/კოორდინატორი აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ პლატფორმაზე; საქართველოს წარმომადგენელი/ექსპერტი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის ოფისში (UNODC), გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC) შეფასების ნაწილში; იუსტიციის მინისტრთან ერთად საქართველოს წარმომადგენელი OGP-ის კომიტეტებში და სხვ.

დღემდეა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი საერთაშორისო ორგანიზაციებში (GRECO, OECD/ACN).

ზურაბ სანიკიძე არის მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში (სალექციო კურსი – საერთაშორისო სისხლის სამართალი), საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (სალექციო კურსი – საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (სალექციო კურსი – ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპები საერთაშორისო სისხლის სამართალში).

მას გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაცია როგორც ეროვნულ, აგრეთვე, საერთაშორისო გამოცემებში. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციაში, სემინარებში, ტრენინგებში, იმიტირებულ პროცესებში და სხვ.

ზურაბ სანიკიძე არის სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

ფლობს რამდენიმე უცხო ენას: ინგლისურს, რუსულსა და ფრანგულს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031