გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ზოიძე: ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო ის უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს

21-08-2019

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ C ჰეპატიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზოიძის თქმით, თავისი პოსტით ბატონი ბარამიძე უგულვებელყოფს ასობით სპეციალისტს, საჯარო მოხელეს, ექიმს, ექთანს, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს:
„ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო ის უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს, როდესაც აქვეყნებს ამ პოსტს, რომლის მიხედვითაც "ც" ჰეპატიტის მართლაცდა უნიკალური პროგრამა, რომელმაც უკვე გადაარჩინა 60 ათასზე მეტი ადამიანი (მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდა) ნაადრევ სიკვდილს და უახლოეს პერიოდში გადაარჩენს კიდევ უფრო მეტ ჩვენს მოქალაქეს და ამით გადააქცევს საქართველოს მსოფლიოში პირველ ქვეყანად, სადაც დამარცხდება ეს ვერაგი დაავადება, - თურმე ყოფილა "მიშას მთავრობის დროს ინიცირებული", ხოლო დღევანდელ ხელისუფლებას კი მხოლოდ ჩაუგდია პროგრამა.

გია ბარამიძე რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემებს მიმოიხილავს და C ჰეპატიტის პროგრამაზე შეფასებებს აკეთებს - ეს ამბავი თავისთავად ღიმილისმომგვრელია და მის გუნდში დარგის სპეციალისტების ნაკლებობაზე მიუთითებს. თუმცა, რეალურად რა ინიციატივასაც იბრალებს, ზუსტად იმის საპირისპირო ხდებოდა მისი ხელისუფლების დროს. ეტყობა ბატონი ბარამიძე თვლის, რომ მთელ ჩვენს საზოგადოებას ტოტალური ამნეზია ჭირს და არ ახსოვს რა ხდებოდა და რა არ ხდებოდა "მიშას მთავრობის" დროს, მაინც შეგახსენებთ ფაქტებს მოკლედ:

1. C ჰეპატიტის გავრცელება ზოგად მოსახლეობაში საგანგაშო იყო და ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარებულმა კვლევამ ეს დაადასტურა. მიუხედავად ამისა სახელმწიფოს მაშინ არ დაუწყია არც დიაგნოსტიკის, არც მკურნალობის პროგრამა “უსახსრობის გამო”, თუმცა ორი სახელმწიფო შენობის ასაშენებლად მილიარდი დახარჯა.

2. სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა სიკვდილიანობა არასათანადო მოპყრობის, C ჰეპატიტის და ტუბერკულოზის გავრცელების გამო ყოველწლიურად 200-მდე შემთხვევა იყო (მეტიც ყოფილა). პატიმრები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდნენ C ჰეპატიტის მკურნალობის მოთხოვნით. არაერთი ასეთი საქმე სახელმწიფომ წააგო - სამწუხაროდ პატიმრები, ვინც საჩივარი შეიტანეს სიცოცხლეში ვერ მოესწრნენ ამ გადაწყვეტილებებს. სტრასბურგის გადაწყვეტილებების საპასუხოდ, სახელმწიფომ არათუ C ჰეპატიტზე მკურნალობა უზრუნველყო ციხეებში - არამედ, საერთოდ აკრძალა დიაგნოსტიკა, რომ პატიმრებს თავისი დაავადების სტატუსი არ სცოდნოდათ.

3. მათი ხელისუფლების დროს, ყოველწლიურად მხოლოდ 200-300 პაციენტი ახერხებდა საქართველოში მკურნალობას, მაშინ როდესაც, დაახლოებით 200 000 მოქალაქეს სჭირდებოდა ეს მკურნალობა. ვინც მკურნალობდა, ესეც ექიმების, ინფექციონისტების თანადგომით და მათი ოჯახების დამსახურებით, რომლებიც სესხებს იღებდნენ, სახლებს ყიდდნენ ამ მედიკამენტების შესაძენად.

4. არანაირი ხედვა და ქმედითი პროგრამა არ ჰქონია, არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება გია ბარამიძის დროინდელ ხელისუფლებას არ მიუღია C ჰეპატიტის პრობლემის სისტემური მოგვარებისთვის.

რაც ჩვენ გავაკეთეთ ადვილად დასანახია: სწორად შევაფასეთ პრობლემა; ვიმუშავეთ კონცეფციაზე და პროექტზე სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან, მეცნიერებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად; ჩავატარეთ წარმატებული მოლაპარაკებები მედიკამენტებზე კონკურენტული ფასის მისაღებად; დავიწყეთ დაავადებულთა მკურნალობა სასჯელაღსრულების სისტემაში და შევქმენით წარმატებული ქეისი; შემდგომ ჩავატარეთ ეპიდ. კვლევა და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით შევქმენით “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა”; მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა ყველა მოქალაქისათვის ვისაც ეს სჭირდება; C ჰეპატიტისგან ამ მომენტისთვის განიკურნა 60 000-ზე მეტი მოქალაქე; საქართველო გახდა გლობალური ლიდერი C ჰეპატიტთან ბრძოლის სფეროში.
ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა იმ მრავალი თავდადებული ადამიანის დამასახურებით, რომელთაც პირადად ვიცნობ და ვიცი თითოეული მათგანის წვლილის თაობაზე (კიდევ ერთხელ მადლობა და თან ბოდიში რომ არ ჩამოვთვლი აქ მათ სახელებს), შედგა ეს პროგრამა ასეულ ათასობით საქართველოს მოქალაქის საკეთილდღეოდ, მათ შორის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც სწორედ "მიშას მთავრობის ინიცირებით" იყვნენ გაწირულნი სასიკვდილოდ საპატიმროებში.

თავისი პოსტით ბატონი ბარამიძე უგულვებელყოფს ასობით სპეციალისტს, საჯარო მოხელეს, ექიმს, ექთანს, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვისი დაუღალავი, ზოგჯერ 24 საათიანი შრომით ბოლო 4 წლის განმავლობაში, გახდა შესაძლებელი მთელი მსოფლიოსათვის სამაგალითო პროგრამის განხორციელება, მილიონზე მეტი ადამიანისათვის "ც" ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარება და 60 ათასზე მეტი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა.

ბატონი ბარამიძისთვის ეს ყველაფერი "დაკარგული წლებია" და ალბათ არ ესმის, რომ "ც" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებული დასრულება, რომელიც საბოლოოდ 150 000 საქართველოს მოქალაქეს გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს - ისეთივე უმაღლესი კატეგორიის ეროვნული ამოცანაა, როგორც მაგალითად ქვეყნის დეოკუპაცია და რომლის განხორციელებისათვის ასევე აუცილებლია მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია და არა ამ თემებით უტიფარი პოლიტიკური სპეკულაცია, რასაც სამწუხაროდ, ესოდენ ხშირად აკეთებს ის დესტრუქციული ძალა, რომელსაც ბატონი ბარამიძე წარმოადგენს“, - წერს აკაკი ზოიძე.

20 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ 2020 წელს C ჰეპატიტისგან უამრავი ადამიანი დარჩება განუკურნებელი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930