გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი ეს შენი წარსულია
როგორ გადაიწია საქართველო-რუსეთის საზღვარმა 1944 წელს ჩრდილოეთით, კავკასიონის ქედის გადაღმა

31-08-2019

რუსული გამოცემის, «Кабардино-балкарская правда»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება 1944 წლის მარტში ბალყარელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ პოლიტიკურ რეპრესიებს და მათ გადასახლებას ყაზახეთსა და ყირგიზეთში, აგრეთვე იმ კომისიის მუშაობას, რომელიც „ენკავედე“-„ემგაბე“-ს თანამშრომლების შემადგენლობით შეიქმნა დარჩენილი ქონების, სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საგნების აღწერის მიზნით.

ნატალია ბალჟატოვას ავტორობით გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით, დეტალურად არის ასახული მოსახლეობის მიერ დატოვებული ქონება როგორც ცალკეულ სოფლებში (კოლმეურნეობებში), ასევე ქალაქებშიც: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია... ასევე მოსახლეობის კუთვნილი ქონება - საკერავი მანქანები, ავეჯი, საწოლი, ჭურჭელი და ა.შ. იგივე ხდებოდა ნალჩიკსა და სხვა მსხვილ დასახლებულ პუნქტებში: მკაცრად იქნა აღრიცხული გამოთავისუფლებული ოთახები...

„ბალყარელი ხალხის გასახლების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა უკვე ყოფილი რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში, - „სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 8 აპრილის ბრძანებულებით, რსფსრ-სა და საქართველოს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვარი უკვე კავკასიის მთავარ ქედზე კი აღარ გადიოდა, არამედ ჩრდილოეთით, ყაბარდო-ბალყარეთის სიღრმეში გადაიწია და მისი მთიანი ნაწილი თითქმის მთლიანად საქართველოს მიუერთდა. საქართველოს შემადგენლობაში მოექცა ე.წ. „სევერნოე პრიელბრუსიე“ („ჩრდილოეთ იალბუზისპირეთი“), მდ.მალკის სათავე და „ელბრუსის“ („იალბუზის“) რაიონის ზემო ნაწილი, რომელიც ბაქსანის ხეობაში მდებარეობს. ამრიგად, რესპუბლიკამ დაკარგა თავისი მთავარი ღირსშესანიშნაობა - პრიელბრუსიეს რაიონი, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე მთელ საბჭოეთში იყო განთქმული თავისი ტურისტული სამთო კურორტებით და სათხილამურო ბაზებით. რა თქმა უნდა, ის, რაც ძვირფასი იყო ყაბარდო-ბალყარეთისათვის, საქართველოსთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა: პრიელბრუსიე გეოგრაფიულად იყო ჩამოშორებული დანარჩენ საქართველოს, კავკასიის მთავარ ქედზე გადასასვლელი პირდაპირი გზები არ არსებობდა, რაიონი ყრუდ იყო დახშული და მისი ათვისება საქართველოს მხრიდან პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

რასაკვირველია, ბალყარელების დეპორტაციის შემდეგ ადგილობრივ დასახლებულ პუნქტებს სახელწოდებები შეეცვალათ. მაგალითად, დაბა ელბრუსის დასახელება ქართულ ყაიდაზე გადაკეთდა და მას იალბუზი დაერქვა“.

სტატიაში გადმოცემულია აგრეთვე ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიებზე იყო, საქართველოს სსრ-ის მიერ რსფსრ-სადმი მათი გადაცემის წინ. 

„1957 წლის იანვარ-მარტში სსრ კავშირის უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებით ბალყარელებს ეროვნული სახელმწიფოებრიობა დაუბრუნდათ: ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკამ ისევ მიიღო თავისი უდიდესი ბუნებრივი სიმდიდრე - პრიელბრუსიეს რაიონი და იალბუზის მთა“,- აღნიშნულია პუბლიკაციის დასასრულს.


წყარო: newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930