9-09-2019
მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება, რომელიც 2014-2017 საიას თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. 2018 წელს კი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანს წარმოადგენდა.
სპიკერის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში თავად მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა:
„მეგობრებო, როგორც დაგპირდით ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია უახლოეს დღეებში დაფუძნდება. ეს იქნება ახალი თანამედროვე პლატფორმა, მიზნებზე და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული ძლიერი გუნდით, რომელიც მაღალი კლასის პროფესიონალებს გააერთიანებს.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ახალ გუნდს შემოუერთდა ანა ნაცვლიშვილი, რომელიც მოძრაობის სპიკერი იქნება. ანა მთელი მისი დიდი პროფესიული გამოცდილებით, მტკიცე ხასიათით, ობიექტურობისა და თავისუფლების მაღალი ხარისხით გუნდის ნამდვილი მონაპოვარია. ის ყოველთვის მზად იქნება გაახმოვანოს მოძრაობის სიახლეები, ინიციატივები, გეგმები, შედეგები. ანა უწყვეტ კომუნიკაციაში იქნება მედიასა და საზოგადოებასთან.
ჩვენთვის ამ კლასის საზოგადობრივად აქტიური ადამიანის მოსვლა გუნდში დიდი პატივია - წარმატებები ანა ნაცვლიშვილს“-განაცხადა ხაზარაძემ.