11-09-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.
დიპლომატმა მთავრობის მეთაურს თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს.
განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირთან დიალოგის უმაღლესი დონის ფორმატის, როგორც უპრეცენდენტო და საქართველოსთვის შექმნილი პლატფორმის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ფორმატი ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენს.
გიორგი გახარიამ ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული ღირებულებების ერთგულია და დემოკრატიის კონსოლიდაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. ელჩმა ჰარცელმა შეშფოთება გამოთქვა ე.წ ბორდერიზაციის პროცესსა და მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისთვის ბარიერების შექმნის გამო და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის როლს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობის შენარჩუნებაში და ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.