24-02-2018
„რუსეთი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, მტერია, თურქეთი კი - საქართველოს მთავარი მოკავშირე“. ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის კომიტეტების დახურულ სხდომაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა. მის გამოსვლას წინ უძღოდა საპარლამენტო ოპოზიციის განცხადება, რომ მათ აინტერესებდათ, რას აკეთებს ქართული დაზვერვა „ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - იური როქსი).
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ პუბლიკაციის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
„პრინციპში, დაზვერვის სამსახურის უფროსს ახალი არაფერი არ უთქვამს. მართალია, აშშ-ის NDI-ის გამოკითხვის თანახმად, მცირდება იმ ქართველების რაოდენობა, რომლებიც რუსეთს მტრად აღიქვამენ, მაგრამ რუსეთი მაინც რჩება ერთადერთ მთავარ არამეგობრად. უფრო გასაკვირია ის, რომ დავით სუჯაშვილმა თურქეთს ერთგული მეგობრის ადგილი მიაკუთვნა.
ანკარა ნამდვილად ფიგურირებს თბილისის მთავარ პარტნიორებს შორის, როცა საქმე სტრატეგიებსა და დოქტრინებს ეხება. მაგრამ, ამასთან ერთად, ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობაში საკმაოდ ბევრი მტკივნეული წინააღმდეგობა იკვეთება. ოფიციალური თბილისი ცდილობს ხმაური არ ატეხოს თურქი ლიდერების პერმანენტულ-სკანდალური განცხადებების გამო, რომელთა თანახმად, „ბათუმი და ქობულეთი ისტორიულად თურქეთს ეკუთვნის“, ანდა იმის გამო, რომ თურქული სკოლების სახელმძღვანელოებში საქართველოს ტერიტორიების ნაწილი თურქეთის საზღვრებშია მოქცეული.
მთავრობა არაფერს ამბობს, სამაგიეროდ ეს ყველაფერი ქართული საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს. რომ არაფერი ვთქვათ თურქი მესაზღვრეების მიერ აჭარაში საზღვრის თვითნებურად გადმოწევაზე და იმავე ავტონომიურ რესპუბლიკაში ეკონომიკურ და რელიგიურ ექსპანსიაზე. როგორც ცნობილი პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს თავის ამასწინანდელ კომენტარში, ანკარის ამგვარ ინტერესებს აჭარის ავტონომიაში საქართველოს ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს: „თურქეთში ძლიერია პანთურქიზმის იდეები. შესაძლოა, თურქეთის ამბიციები აჭარის მიმართ სწორედ ასეთი იდეების ანარეკლს წარმოადგენს. რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი, ჯერ-ჯერობით არავინ იცის, გაურკვეველია“.
თუმცა დაზვერვა იმიტომაცაა დაზვერვა, რომ რომ უფრო მეტი იცოდეს, ვიდრე საზოგადოების წარმომადგენლებმა იციან. ალბათ, დავით სუჯაშვილის განცხადებას - თურქეთი საქართველოს მთავარი მოკავშირეაო - თავისი საფუძველი აქვს. ექსპერტი გია ფაცურია ამ განცხადების კომენტირებისას ყურადღებას ამახვილებს საქართველო-თურქეთს შორის ბოლო დროს მომხდარ ამბებზე, რომლებიც სულეიმან დემირელის სახელობის თურქული კოლეჯის მმართველს მუსტაფა ემრე ჩაბუქს ეხება. როგორც ცნობილია, ანკარა თურქეთის მოქალაქის დაპატიმრებას თხოულობდა ქართული მხარისაგან.
თურქეთის მოთხოვნის პირველი ნაწილი საქართველომ შეასრულა: მუსტაფა ჩაბუქი დააკავეს ანკარის მოთხოვნის მიხედვით - მას ბრალი ედება თურქ ოპოზიციონერ ფეთჰულა გიულენთან კავშირებში. როგორც ცნობილია, ფეთჰულა გიულენს თურქეთის ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა 2016 წლის ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილების გამო. მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტა გაჭიანურდა, ერთი მხრივ, მის გადაცემას თურქეთი ითხოვდა, მეორე მხრივ, დასავლეთი თბილისს რეკომენდაციას აძლევდა, რათა დაკავებულის ექსტრადირება არ მოეხდინას.
„საქართველო ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ თბილისმა ანგარიში მაინც აშშ-ისა და ევროპის არგუმენტებს გაუწია და მუსტაფა ჩაბუქის თურქეთის ხელისუფლებისათვის გადაცემაზე თავი შეიკავა. სავარაუდოდ, საქართველოს ამგვარმა არადამთმობმა მოქმედებამ ანკარის სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. ასე რომ, პარლამენტში თურქეთის მისამართით გაცხადებული მაღალი შეფასებები, როგორც ჩანს, სიტუაციის შერბილების სურვილითაა გამოწვეული“, - ამბობს გია ფაცურია «Независимая газета»-სთან საუბარში.