26-09-2019
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC ტყიბულის მეშახტეების პროტესტს ეხმიანება.
"24 სექტემბერიდან დღემდე ტყიბულში, „საქნახშირში“ დასაქმებული 30-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ჩავიდა და კუთვნილი ხელფასის გადახდამდე შახტის ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებს. მეშახტეები, ხელფასის გარდა, შახტის ფუნქციონირების აღდგენისა და სამუშაო პროცესის განახლების თაობაზე მათთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას ითხოვენ. მათი ნაწილი საპროტესტო აქციას ქალაქის მერიასთან მართავს.[1]
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომპანია „საქნახშირს“ მოუწოდებს დაფაროს სახელფასო დავალიანება და შეასრულოს სპეციალისტების შემოწმების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები ტექნიკური და შრომითი უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით;[2] ამის საპირწონედ, „საქნახშირის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს და ხელფასისთვის საჭირო თანხების მოსაძიებლად დრო სჭირდებათ.[3] განცხადებებიდან არ ირკვევა, თუ როდის გახდება შესაძლებელი დასაქმებულთა ხელფასების დაფარვა, რაც ადგილობრივებს გაურკვევლობაში ტოვებს.
ტყიბულის შახტი უკვე 14 თვეა გაჩერებულია და ამ პერიოდის განმავლობაში შახტებში მხოლოდ გეგმიური უსაფრთხოების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც დასაქმებულები აცხადებენ, შახტებში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის კომპანიას რაიმე ზომები არ მიუღია. ტყიბულის შახტები 2018 წლის 18 ივლისს, მინდელის შახტში მომხდარი მორიგი ტრაგედიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაილუქა.[4] ამასთან, მოწვეულ იქნა გერმანული კომპანია, რომელსაც 5 კვირის ვადაში უნდა შეესწავლა ტყიბულის შახტებზე არსებული მდგომარეობა.[5] შესაბამისი დასკვნა მიმდინარე წლის იანვარში მომზადდა,[6] თუმცა ის ამ დრომდე არ არის საზოგადოებისათვის ცნობილი.
მიგვაჩნია, ტყიბულში შექმნილი მძიმე ვითარება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და იგი სრულად გამოხატავს წლების განმავლობაში ქალაქის წინაშე არსებული უმძიმესი გამოწვევების სრული უგულებელყოფის შედეგად შექმნილ მდგომარეობას, რომელიც არამხოლოდ შახტებში დასაქმებული პირების, არამედ სრულად რეგიონის მომავალს აყენებს ეჭვქვეშ. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს ტყიბულისა და სხვა ინდუსტრიული ქალაქების განვითარების გეგმა, რაც სრულ გაურკვევლობასა და ბუნდოვანებაში ამყოფებს კომპანიაში დასქმებულებსა და რეგიონის მოსახლეობას.
შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების გარდა, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მონო-ინდუსტრიული ქალაქების, მათ შორის ტყიბულის მიმართ, ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა. რეგიონში არსებული დასაქმების პრობლემის მასშტაბი, რასაც თან ერთვის ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ლარის კურსის მკვეთრი გაუარესება, სახელმწიფოს მხრიდან დაუყოვნებლივ და ეფექტიან რეაგირებას მოითხოვს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაიაზროს ტყიბულში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საკუთარი პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები რეგიონის მოსახლეობისა და დასაქმებულთა სოციალური უსაფრთხოებისათვის.
შესაბამისად, მოვუწოდებთ კომპანია „საქნახშირს“ და საქართველოს მთავრობას: