25-02-2018
საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებამ ზომები უნდა მიიღონ თავიანთი მოქალაქეების ევროპაში მასობრივად გაქცევის თავიდან აცილების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში არის იმის რისკი, რომ ევროკავშირში ქართველებისა და უკრაინელებისათვის უვიზო რეჟიმი გაუქმდეს. თბილის-კიევისათვის ესოდენ არასასიამოვნო აზრი ევროკავშირის ხელმძღვანელობაში იმიტომ გაჩნდა, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ვიზალიბერაზაციის პირობებს მასობრივად არღვევენ. თავის მხრივ, შენგენის ზონის ქვეყნები, განსაკუთრებით კი გერმანია, ცდილობს მიგრაციული ნაკადი გაკონტროლებას და ზომების მიღებას.
ცნობილი გერმანელი პოლიტოლოგი ალექსანდრე რარი შექმნილ მდგომარეობას ასეთ კომენტარს უკეთებს: „ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი იმისთვის შემოიღო, რომ ქართული საზოგადოების წარმომადგენლები დასავლეთში წასულიყვნენ, დაეთვალიერებინათ, საკუთარი თვალით ენახათ იქაური ცხოვრების წესი და დადგენილი ვადების გასვლის შემდეგ შემდეგ ისევ უკან დაბრუნებულიყვნენ. დღეს კი ევროკავშირი ხედავს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს უვიზო რეჟიმს იმისათვის, რომ ევროპაში არალეგალურად დარჩეს. რაც უფრო დრო გავა, სავარაუდოდ, ამ საკითხისადმი დამოკიდებულება უფრო გამკაცრდება, რიტორიკა გამწვავდება“.
პოლიტოლოგის შეფასებით, არაა გამორიცხული, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების მიმართ უახლოეს ხანში ნაწილობრივი რეპრესიული ზომები ამოქმედდეს: „ჯერ-ჯერობით ევროკავშირი მხოლოდ გაფრთხილებას იძლევა და თუ თბილისისა და კიევის მხრიდან რეაგირება არ მოხდება, მაშინ ევროკავშირს შეუძლია რეალური ნაბიჯი გადადგას და უვიზო რეჟიმის ნებართვა უკან წაიღოს“.
გავრცელებული ცნობების თანახმად, 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებში წასული უკრაინელების 30% უკან აღარ დაბრუნებულა. გარდა ამისა, უკრაინელები გერმანიაში ლიდერები აღმოჩნდნენ მათ შორისაც, ვინც თავშესაფრის მიღება მოითხოვა. რაც შეეხება საქართველოს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მაძიებელთა რაოდენობა 2017 წელს 35%-ით გაიზარდა, რაც შენგენის ზონის ზოგიერთი ქვეყნის შეშფოთების საფუძველი გახდა.
რა თქმა უნდა, ევროპული ქვეყნების ელჩებიც არ გაჩუმებულან და თავიანთი სიტყვა თქვეს: „ჩვენ ვაფრთხილებთ საქართველოს მთავრობას და ქვეყნის მოსახლეობას, რომ უვიზო რეჟიმის წესების დაცვაში არავითარი შეცდომა და დარღვევა არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა ისლანდიის ელჩმა საქართველოში იოჰანეს დოურმა.
სტატისტიკა მართლაც არასასიამოვნოა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მიუნჰენის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიზღვნილ საერთაშორისო კონფერენციის დროს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი თომას დე-მეზიერი თითქმის დაიმუქრა, რომ თუ უვიზო რეჟიმის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს დადებული შეთანხმების დამრღვევთა რაოდენობა არ შემცირდება, ვიზალიბერალიზება შეიძლება შეჩერდესო. ამის თაობაზე მან საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თავის მხრივ, ქართველი მინისტრი იძულებული გახდა თანამემულეებისათვის მოეწოდებინა, რომ ბოროტად ნუ ისარგებლებენ ევროპული სტუმართმოყვარეობით...
გაზეთ «Каспiй»-სათვის სიტუაციას კომენტარი გაუკეთა კავკასიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პოლიტანალიტიკოსმა გელა ვასაძემ: „ჩვენ რომ მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებოდით, ეს თავიდანვე ნათლად ჩანდა, მაგრამ ახლა ეს უვიზო რეჟიმს არ უკავშირდება. კრიმინალი და უკანონო მიგრაცია უვიზო რეჟიმის დაწესებამდეც ხდებოდა. უფრო მეტიც - ვიზალიბერალიზაცია ამ პრობლემის ნეგატიურ შედეგს უფრო არბილებს, რადგან საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტად მოტივირებულია მათ გადაწყვეტაზე, კონტროლის მექანიზმებიც გამკაცრებული. ვფიქრობ, ამ თემის წინ წამოწევას პოლიტიკური საფუძველი აქვს: ვიღაცეები პოლიტიკურ დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ მიგრაციის თემაზე, ვიღაცას არ სურს, რომ საქართველო წარმატებული მაგალითი (sucess story) იყოს ვიზალიბერალიზებაში. ჩემი აზრით, სიტუაცია კრიტიკული არაა, მაგრამ ხელისუფლებამ მაინც უნდა გაამახვილოს ყურადღება მასზე და დამატებითი კონტროლის ზომები უნდა განახორციელოს“.