გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ზღვის დონე დაახლოებით 1 მეტრით გაიზრდება - რუბრიკა “გალილეო”

26-02-2018

დედამიწაზე ზღვის დონის თანდათანობითი მატება შემდეგი ათწლეულების და სულ ცოტა, ორი ასწლეულის მანძილზე გაგრძელდება. სათბურის გაზების გამოყოფა სრულად რომ შეჩერდეს და ყველა სახელმწიფომ ზედმიწევნით შეასრულოს პარიზის კლიმატური შეთანხმების თითოეული მუხლის ყველა პარაგრაფი, წყლის დონის მატების შეჩერება მაინც შეუძლებელი იქნება - აცხადებენ მეცნიერები.

თუმცა, მათი აზრით, ძირითადად გრენლანდიის და ანტარქტიდის ყინულის დნობით გამოწვეული ზღვის დონის ზრდის ოდნავ შენელება ჯერ კიდევ რეალურია. ოღონდ, ამისთვის არასაკმარისია ის ნაბიჯები, რაც დღეს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე იდგმება. მათ შორის, არც ზემოთ ნახსენები, 2015 წლის გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში დაგეგმილი ქმედითი ღონისძიებებია.

პარიზში მიღებული შეთანხმება ემისიების შემცირებისკენ მიმართული გლობალური ძალისხმევის გაძლიერებას და მის ფინანსურ უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რაზეც 200-მდე ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილე სახელმწიფოები შეეცდებიან დედამიწაზე ტემპერატურის ზრდა, რომელიც სათბურის გაზების გამოყოფას უკავშირდება, როგორმე ორი გრადუსის (ცელციუსით) ფარგლებს არ გასცდეს. პარიზის კლიმატურ შეთანხმებას 2016 წელს საქართველოც შეუერთდა.

ახალი ანგარიშის მიხედვით, ზღვის დონე დედამიწაზე სხვადასხვა ადგილებში 15 სანტიმეტრიდან მეტრ და 20 სანტიმეტრამდე აიწევს, რაც მსოფლიოს სანაპირო ზოლებს, კუნძულების და კონტინენტების მონახაზს დრამატულად შეცვლის. წყლის სიმაღლის მატება შეეხება კუნძულოვან სახელმწიფოებს, ასევე დიდი, თუ მცირე ზღვისპირა დასახლებების უმეტესობას. შეიცვლება ისეთი მნიშვნელოვანი მრავალმილიონიანი ქალაქების ცხოვრება, როგორიცაა ლონდონი და ნიუ-იორკი, შან-ხაი და მაიამი.

წყლის ტემპერატურის ზრდის გამო, მისი მოცულობის გაფართოება და ყინულის დნობით ზღვის დონის თანდათანობითი მატება შემდეგი სულ ცოტა, 200 წლის მანძილზე გაგრძელდება და ეს გარდაუვალია - ნათქვამია ანგარიშში, რომლის ავტორია მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელსაც გერმანელი მკვლევარები ხელმძღვანელობდნენ. მათი პროგნოზით, ემისიების შეზღუდვის ყოველი ხუთწლიანი დაყოვნება, 2300 წლამდე წყლის დონეს 20-20 სანტიმეტრით გაზრდის.

“ზღვის დონის ზრდას ხშირად ძალიან ნელ პროცესად აღიქვამენ, რასაც დიდად ვერაფრით შეცვლი... მაგრამ, შემდეგი 30 წელიწადი ამ საქმეში ნამდვილად გადამწყვეტი იქნება” - აღნიშნავს ანგარიშის წამყვანი ავტორი მათეუს მენგელი სააგენტო “როიტერთან” საუბარში. ის კლიმატის ზემოქმედების კვლევათა პოტსდამის ინსტიტუტის პროფესორია.

მეცნიერის თქმით, პარიზის შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნები მისი შესრულებაზე არასაკმარისად ზრუნავენ და დასახულ გეგმებს ჩამორჩებიან. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სათბურის გაზების თანაბრად გამოყოფის სამწლიანი ინტერვალის შემდეგ, 2017 წელს, შემცირების ნაცვლად, ემისიების მოცულობა პირიქით, გაიზარდა.

ანგარიში 20 თებერვალს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალის “ნეიჩერ” ერთ-ერთ დამატებაში (Nature Communications). პარიზის შეთანხმების სრული ტექსტის ქართული ვერსიის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.




ameikiskhma.com

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930