გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, euro 6-ის სტანდარტის ავტობუსები შემოვიდა

9-10-2019

თბილისში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე, euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები შემოვიდა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ავტობუსები ევროპის მოედანზე წარადგინა.

„შევიძინეთ 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი. 60 ერთეული უკვე თბილისშია და ისინი, ხვალიდან დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურებიან.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს თურქეთიდან: „ანადოლუ ჯგუფის“ კორპორაციის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს, ასევე “ISUZU“ ჰოლდინგის დირექტორს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ მხარდაჭერისთვის, რომ ასე დროულად შეძლეს ავტობუსების წარმოება და მოწოდება. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ წლის ბოლომდე ყველა ჩვენ მიერ შესყიდული ავტობუსი იქნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისელებს. ასევე, მინდა მივესალმო თურქეთის ელჩს და მადლობა გადავუხადო, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„ყველაზე მთავარი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ავტობუსების პარკის ჩანაცვლება. თქვენ იცით, რომ ყვითელი ავტობუსები, რომლებიც დღეს თბილისს ემსახურება, არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით წარმოადგენენ სერიოზულ პრობლემას და ამავე დროს, ამ ავტობუსებით გადაადგილება დისკომფორტია.

ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსების პარკი, ასეთი, ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროში განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს და გვინდა, რომ მთლიანდ განვაახლოთ მეტროსადგურები, შევიძინოთ ახალი შემადგენლობები და იმ ძველი შემადგენლობების რეაბილიტაცია ჩავატაროთ, რომელიც ამას ექვემდებარება.

გარდა ამისა, დავიწყეთ ძალიან მნიშნელოვანი რეფორმის განხორციელება ტაქსების და პარკირების მიმართულებით. ეს ყველაფერი საერთო ჯამში მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ტრანსპორტი ქალაქში იყოს მოწესრიგებული და მე პირობა დავდე, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისი ინფრასტრუქტურით: გზებით, ავტობუსის ზოლებით, თვითონ ავტობუსებით, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ჩვენ ამას შევძლებთ.

რატომ ვამბობ მე ამას ასე ხმამაღლა და თავაწეული?! - იმიტომ, რომ ზურგს უკან მიდგას გუნდი ადამიანების, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ჩემთან ერთად და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ შრომისა და თავდადებისთვის. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ცენტრალურ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის. რომ არა მხარდაჭერა, შეუძლებელი იქნებოდა ამ რეფორმის წამოწყება და განხორციელება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პრეზენტაციას თბილისის ვიცე-მერი, მერის მოადგილეები, თბილისის საკრებულოს წევრები, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები, ასევე, სტუმრები: „ჯი-თი გრუპ“-ისა და ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის პრეზიდენტი ტუნჩაი ოზილჰანი, გენერალური დირექტორი ჰურშით ზორლუ და Anadolu ISUZU-ს გენერალური დირექტორი თუგრულ არიკანი ესწრებოდნენ.

220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი, რომელიც 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა.

ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb-დამტენები. პროექტის მთლიანი ღირებულება 64 790 000 ლარს შეადგენს.

ძველი ავტობუსების ახალი ავტობუსებით ჩანაცვლება უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. უკვე ცნობილია მარშრუტები, რომლებზეც ISUZU-ს მარკის 36 ერთეული ავტობუსი გადანაწილდება: 12 ძველი „ბოგდანი“, პირველად, წყნეთი - სადგურის მოედნის N34 მარშრუტზე ჩანაცვლდება. რამდენიმე დღის ინტერვალით კი ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე გავლენ: N28 - სვანეთის უბანი - მარჯანიშვილის მოედანი - 4 ერთეული; N42 - იყალთოს გორა - ბარათაშვილის ქუჩა - 4 ერთეული; N56 - ორხევი - მეტროსადგური „ისანი“ – 5 ერთეული; N66 - სადგურის მოედანი - შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული; N78 - სადგურის მოედანი - ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) - 4 ერთეული; N108 - სოფელი გლდანი - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – 4 ერთეული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930