9-10-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა შალვა თადუმაძისთვის კითხვის დასმამდე მცირე შესავალი გააკეთა და ოპოზიციონერ კოლეგებს გამოეხმაურა, -„ეს ადამიანები ისე საუბრობენ თითქოს თვითონ არ იყვნენ იმ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები, რომელიც აღნიშნავს იმას, თუ რა სისტემის ქვეშ ვიცხოვრეთ. თითქოს ეს ადამიანები არ ყოფილიყვნენ პარლამენტის წევრები, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოადგილეები, მაშინ არ ახსოვდათ არც თანასწორობა, არც სამართლიანობის ქალღმერთი, მაშინ როდესაც სისხლისფრად შეღებეს თბილისის ქუჩები და მოედნები, მაშინ როდესაც ომბუდსმენი, სახალხო დამცველი, რომელსაც ზედამხედველობა უნდა გაეწია ამ ყველაფერზე, ხელით შეეხნენ და ცემეს, მათ ეს არაფერი არ ახსოვდათ მაშინ, გაახსენდათ ახლა?“
დეპუტატის თქმით, ის არ საუბრობს კითხვების სიმწვავეზე, პირიქით, მისი აზრით სწორი ფორმატი ის არის, რომ კანდიდატებს ძალიან მწვავე და კრიტიკული კითხვები დაუსვან.
„მე უბრალოდ მინდა ჩემი გულწრფელი პროტესტი აღვნიშნო იმიტომ, რომ მართლაც ძალიან მძიმედ ჟღერს, მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან ზოგადად ის სულისკვეთება, სიტუაციის ასეთი დახატვა, რომ 2003-2012 წლებში რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ამ ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. თითის გამოშვერა არის ძალიან დიდი უღირსობა და საზოგადოება ამას კარგად შეაფასებს“, -განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ამის შემდეგ მან კანდიდატს ჰკითხა- თქვენ წელიწადზე მეტი ხართ გენერალური პროკურორი. პროკურატურასთან მიმართებაში ზოგადად არის ასეთი ყბადაღებული თემა, რომელიც ყველა ჩვენგანს ძალიან გვაწუხებს, ეს არის საქმეების დროულად გამოძიება. დროული შედეგები მით უმეტეს იმ გახმაურებულ საქმეებზე რომელიც საზოგადოების ერთი მხრივ გულისწყრომას იწვევს, მეორე მხრივ დიდ ინტერესს და საბოლოო ჯამში ყველას, მათ შორის ჩვენც, გვაინტერესებს თუ სად მივდივართ?
მინდა გკითხოთ, თქვენ რომ პირველად ფეხი შედგით გენერალურ პროკურატურაში იქ პრობლემებიც დაგხვდათ. მე მაინტერესებ ის სამი ძირითადი გამოწვევა, თუნდაც სამი მიღწევა, რა შეცვალეთ პროკურატურაში ისე, რომ დღეს ჩვენ რომ მხარი დაგიჭიროთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ და თქვენ დატოვოთ ეგ თანამდებობა, რით იამაყებთ?
დავით მათიკაშვილმა კიდევ ერთი კითხვა დასვა კანდიდატის მისამართით, - „თქვენ კარგად იცნობთ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, მით უმეტეს სისხლის სამართლის კუთხით. ჩემთვის საინტერესოა, -ყველაფერი მოგწონთ ამ პრაქტიკაში?
არის რაღაც, რომელსაც შეცვლით, როდესაც მაგალითად უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილება, დაადგინა პრაქტიკა, ახლა თქვენ გიწევთ გადაწყვეტილების მიღება, შეცვლით? აიღებთ თქვენს თავზე ამხელა პასუხისმგებლობას?“