10-10-2019
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის დიპლომთან გადავშირებით ატეხილ ხმაურს სოციალურ სქელში ეხმაურება.
„შეკითხვა მაქვს დიპლომთან დაკავშირებით: თადუმაძე „მუხროვანის ამბოხის“ საქმის ადვოკატი გახლდათ და თუ სწორად მახსოვს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კობალაძე ერთადერთი იყო, ვინც დარბაზიდან გაათავისუფლეს. თადუმაძის დიპლომი მაშინაც ყალბი იყო? მაშინ რატომ არ დაიჭირეს ყალბისმქნელი თადუმაძე?! თუ მაშინ ყალბი არ იყო, 10 წლის შემდეგ როგორ არის ყალბი?! მთავარი მაინც ის არის, თუ უდიპლომო და არაკვალიფიციური თადუმაძე „ნაციონალების“ დროს სასამართლო პროცესებს იგებდა, ხომ წარმოგიდგენიათ, დიპლომიანი და კვალიფიციური რა ქარიშხალს დაატრიალებდა. ჰოდა, როგორ გადავჭრათ ეს დილემა?!“- წერს ხათუნა ლაგაზიძე.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესის ფარგლებში პარლამენტში გუშინ საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მივიდა.
შალვა თადუმაძემ იმ კითხვებს უპასუხა, რაც მის დიპლომთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და სახალხო დამცველის აპარატმა წამოჭრეს.
შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, შალვა თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, თუმცა ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც იკვეთება- დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს კი ბიოგრაფიაში 1999 წელი აქვს მითითებული. მათი შეფასებით, აუცილებელია შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა მთავარი პროკურორის დიპლომი შეისწავლონ და არსებულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებები წარმოადგინონ.