13-10-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1968 წელს დაბადებული ი.ო.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს. პოლიციამ, ი.ო.-ს პირადი ჩხრეკისას, 60 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.