19-10-2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონი მოინახულა.
„კლინიკაში ამ დრომდე რჩება ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობა, საბედნიეროდ, დამაკმაყოფილებელია. ყველაზე მძიმედ არის ჩვენი კოლეგა, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში მოვინახულეთ - მისი მდგომარეობა, ჯერჯერობით, სტაბილურად მძიმეა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომჯობინდება. მე ასევე ტელეფონით დავუკავშირდი ყველა პაციენტს, ვინც დღეს დილით გაეწერა - მათ შედარებით მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ და საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა არის ნორმალური“ - განაცხადა ნათია თურნავამ კლინიკაში მყოფი პაციენტების მონახულების შემდეგ.
ეკონომიკის მინისტრმა მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ხელი შეუწყონ გაზგამანაწილებელ კომპანიებს, მისცენ მათ შესაძლებლობა, შეამოწმონ გაზის მოწყობილობები და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, გაზის მიწოდების აღდგენა თვითნებურად არ სცადონ.
„ჩვენ გავამკაცრეთ და კიდევ გავამკაცრებთ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. ჩვენ მივეცით მკაცრი მითითება და გაზგამანაწილებელი კომპანიები გეგმურ შემოვლას ახორციელებენ ყველა იმ აბონენტის შესამოწმებლად, სადაც გაზის მოწყობილობებია დამონტაჟებული. თუმცა, თუ მოსახლეობა არ გვეთანამშრომლა და გაგებით არ მოეკიდა ამ ყველაფერს, უბედური შემთხვევების პრევენცია რთული იქნება. ამიტომ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს - დგება გათბობის სეზონი და აუცილებლად მივცეთ გაზგამანაწილებელ კომპანიებს შესაძლებლობა, შეამოწმონ მოწყობილობები. თუ აუცილებელი გახდა გამოცვლა და თუ მიიღეს რეკომენდაცია, რომ შეცვალონ ეს მოწყობილობები, თვითნებურად არ მიაერთონ, რადგან საუბარია ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. არ უნდა შეუქმნან საფრთხე არც საკუთარ თავს და არც მეზობლებს,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მისივე განცხადებით, მომზადებულია ასევე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობაში იხილება. მინისტრის ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივა, სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად, ითვალისწინებს რეგულაციების გამკაცრებას ისეთ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე ბინაში ვერ ახერხებს გაზგამანაწილებელი კომპანია შესვლას და შემოწმებას. „გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარების წესების გამკაცრების კუთხით, სავალდებულო წესით შემოგვაქვს დეტექტორების დამონტაჟებაც - ეს შეეხება როგორც ახალ მშენებლობებს, ასევე ძველ მშენებლობებს. ყველგან უნდა არსებობდეს გაზის დეტექტორი, რომელიც შეგვატყობინებს საფრთხეს და დაგვიცავს უბედური შემთხვევისაგან,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.