21-10-2019
ევროკავშირის შემდგომ გაფართოებაზე პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) სხდომაზე ბრიუსელში მსჯელობენ.
ევროპის მოწინავე ქვეყნების პროფკავშირების ლიდერები აღნიშნავენ, რომ საქართველო სხვა კანდიდატებს შორის ყველაზე ახლოა ევროკავშირთან და პატარა დისტანციის გავლა დარჩა ევროპულ ოჯახში სრულყოფილი ინტეგრაციისთვის.
დისკუსია საფრანგეთის და ავსტრიის წარმომადგენლებს შორისაც კი გაიმართა, რომლებმაც კოლეგებს მოუწოდეს საქართველოს წევრობის საკითხისთვის შიდა მზადება დაიწყონ. ევროკავშირის გაფართოების საკითხის გარდა, განსახილველი საკითხებია: შრომითი მიგრაცია, სხვაობა ქალთა და მამაკაცთა ხელფასებს შორის, სახელფასო პოლიტიკა ევროპაში, დისკრიმინაციის გამოვლინებები და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის აუცილებლობა შრომის გაციფრულებისა და რობოტიზაციის პირობებში. პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის წამყვანი პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი და ამავდროულად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილია. შეხვედრაზე მოისმენენ ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაციების, აგრეთვე ევროპის პან ევროპული რეგიონული ქვეყნების პროფკავშირების საერთო ანგარიშებს. მსჯელობა შეეხება ორგანიზაციის გენერალური ასამბლეისთვის მზადებას, რომელიც 16 დეკემბერს, ასევე ბრიუსელშია დაგეგმილი.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 235824 წევრს და 4668 პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას. მისი წევრია 19 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.