23-10-2019
„ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც თავდაცვისკენაა მიმართული. საქართველოს მხარდამჭერი აქტი მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მომავალშიც დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“ - განაცხადა კონგრესმენმა ნიუ იორკის შტატიდან ელიოტ ენგელმა აშშ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას.
კონგრესმენის თქმით, ძლიერი ალიანსები და პარტნიორობა ხელს უწყობს ამერიკის გაძლიერებას და მისი უსაფრთხოების განმტკიცებას.
„ეროვნული უსაფრთხოებისთვის ასევე მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენმა მეგობრებმა თავად შეძლონ თავის დაცვა მტრულად განწყობილი მოწინააღმდეგეებისგან, რაც განსაკუთრებით ეხება ისეთ ქვეყანას, როგორიცაა საქართველო, რომელიც ყოველდღიურად ებრძვის პრეზიდენტ პუტინის აგრესიას. 2008 წელს რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რითაც უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და ხელყო საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. დღესაც, თითქმის 10 წლის შემდეგ, რუსეთი აგრძელებს თავდასხმას საქართველოზე: კიბერშეტევა, დეზინფორმაციის კამპანიები, ადამიანის უფლებათა დარღვევები - ყოველივე ამას საქართველოს მოსახლეობს განიცდის პუტინის რეჟიმის მხრიდან. ასე რომ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც თავდაცვისკენაა მიმართული. საქართველოს მხარდამჭერი აქტი მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მომავალშიც დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. დოკუმენტით ასევე განსაზღვრულია კრიტიკული მნიშვნელობის დახმარება საქართველოსთვის რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად: კიბერუსაფრთხოების განმტკიცების და რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა. აქტში ასევე განსაზღვრულია სანქციები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დამრღვევების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან და შევიყვანოთ იგი ევროკავშირისა და ნატოს ოჯახში. ეს არის სწორი კანონპროექტი, რომელსაც სწორი მიმართულებით მივყავართ, რადგან მასში გაცხადებულია, რომ კონგრესი გვერდში უდგას საქართველოს. მე მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებ ამ ზომას და იმავესკენ მოვუწოდებ ყველა წევრს“ - განაცხადა ელიოტ ენგელმა.