23-10-2019
„საქართველოს მხარდამჭერი აქტი მნიშვნელოვანი სიგანლია საქართველოს კურსთან დაკავშირებით, მან კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული პოლიტიკის მთავარი სენიც, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ნებისმიერი საკითხის შეფასება პოლიტიკოსთა მხრიდან მხოლოდ ვიწროპარტიული დღის წესრიგიდან გამომდინარეობს“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, ეს სულისკვეთება და სენი აისახება ყველაფერში, ისეთ საკითხშიც კი, როგორიც არის ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის აღდგენის ფონდში გადარიცხული მილიონიც. მის ამ ქმედებას და ინიციატივას მყისიერად გამოუჩნდნენ მაკრიტიკებლები და საქართველოს ყველა დროის ყველაზე მასშტაბური ქველმოქმედის ოჯახს მიუთითეს სფეროები, რაც მათ ყურადღებას მოითხოვენ.
„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ერთხმად მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც მიმართულია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სხვა მიზნების მხარდასაჭერად. აქტის მიღებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც აღნიშნა რომ საქართველოს უახლოესი სტრატეგიული მოკავშირის მიერ მიღებული აქტი მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის. მხარდამჭერი აქტი ადასტურებს, რომ აშშ-სთან ჩვენი პარტნიორობა თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ფასეულობებს ეფუძნება. მხარდამჭერი აქტის მიღებას გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც, რომელმაც ოპოზიცია დაადანაშაულა ქვეყნისთვის ცალსახად სასიკეთო ძვრების არშემჩნევასა და გაკეთებული კომენტარების ნეგატიურ კონოტაციაში.
გარდა იმისა, რომ ხსენებული აქტი მართლაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და სიგანლია საქართველოს კურსთან დაკავშირებით, მან კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული პოლიტიკის მთავარი სენიც. სენი, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ნებისმიერი საკითხის შეფასება პოლიტიკოსთა მხრიდან მხოლოდ ვიწროპარტიული დღის წესრიგიდან გამომდინარეობს.
სწორედ ამიტომაც ოპოზიციის მოწონების გარეშე მიმდინარეობს აბრეშუმის გზის გლობალური ფორუმიც. ყველა გლობალური საკითხის მნიშვნელობა ქვეყნისთვის საბოლოოდ მაინც ოცნების საწინააღმდეგო განცხადებამდე დაიყვანება.
ეს არის სულისკვეთება და სენი, რომელიც აისახება ყველაფერში, აისახება ისეთ საკითხშიც კი, როგორიც არის ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის აღდგენის ფონდში გადარიცხული მილიონიც. მის ამ ქმედებას და ინიციატივას მყისიერად გამოუჩნდნენ მაკრიტიკებლები და საქართველოს ყველა დროის ყველაზე მასშტაბური ქველმოქმედის ოჯახს მიუთითეს სფეროები, რაც მათ ყურადღებას მოითხოვენ.
გამოდის, რომ გლობალური საკითხები საქართველოს არ უნდა ეხებოდეს, იქნება ეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა თუ ამაზონის ტყის რევიტალიზაცია. საბოლოო ჯამში კი ვიკეტებით ვიწრო თვალსაწიერში და გვიჭირს საქართველო დავინახოთ გლობალურ ჭრილში, რაც დაგვეხმარებოდა გავიაზროთ ჩვენი ადგილი, როლი და მნიშვნელობა.
ვიდეოს ბმული https://www.youtube.com/watch?v=wCAKQDsuSyo&feature=youtu.be&fbclid=IwAR0ATf9PGhgSKSw1S551bpplCFUGljJkjxYeAv-GvFttepOScS-k5KlktZY