ანალიტიკოსის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სახელმწიფო მიხედავს გლეხებს და ხაზარაძის და ჯაფარიძის იმედად არ დატოვებს:
„რაჭაში, ერთ-ერთ სოფელში, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ღვინის ქარხანა ჰქონიათ და დღეს გლეხებმა აქცია გამართეს - დაგვპირდა, რომ ყურძენს ჩაიბარებდა და მოგვატყუაო. გამიკვირდებოდა ალბათ, გადავამოწმებდი მაინც ინფორმაციას, რომ არ ვიცოდე თუ როგორ იტყუებიან ანაკლიაში, როგორ იტყუებიან „წერილებში“, როგორ იტყუებიან პოლიტიკაში და ყველგან, სადაც ეს დუეტი ჩნდება... იმედია, სახელმწიფო მიხედავს გლეხებს და ხაზარაძის და ჯაფარიძის იმედად არ დატოვებს!“, - წერს გია აბაშიძე.
ცნობისთვის, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში ადგილობრივებმა მორიგი აქცია გამართეს. მოსახლეობა ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებულ პრობლემას აპროტესტებს. მათი თქმით, კომპანია „როიალ ხვანჭკარამ" მევენახეები მოატყუა, რადგან დაპირებული 11 ტონა ყურძნის ნაცვლად მხოლოდ ხუთი ტონა ჩაიბარა.
მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიის მფლობელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან და პასუხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებენ. ტვიშელების თქმით, „როიალ ხვანჭკარამ“ გუშინ ჩაბარებული ყურძნის ნაწილიც დააბრუნა. ტვიშით ნაკლებად დაინტერესების მთავარ მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ დაბალი ხარისხის და ფასის ცოლკაურს კომპანიები სხვა სოფლებში ყიდულობენ და ტვიშის ბრენდის ღვინოს ამზადებენ.