25-10-2019
დასრულდა სასამართლო – ბაქოს სკოლის დირექტორის სევინჯ აბასოვას წინააღმდეგ, რომელიც მისი ერთ-ერთი მოსწავლის სიკვდილში პასუხისმგებელ პირად მიაჩნიათ. განაჩენი – ორწელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა. აქ იგულისხმება, რომ მას ღამით სახლიდან გასვლა ეკრძალება, და ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს.
ასევე მან დაღუპული გოგონას მშობლებს მორალური და მატერიალური ზიანისთვის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.
სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ სევინჯ აბასოვა განათლების სისტემაში თანამდებობის დაკავებას ისევ შეძლებს.
გოგონას მშობლები სასამართლოს ვერდიქტით უკმაყოფილოები არიან და აპელაციის შეტანას აპრებენ.
2019 წლის 4 აპრილს 14 წლის ელინა გაჯიევა იმ სკოლის ფანჯრიდან გადახტა, რომელშიც სწავლობდა, რადგან მას ბევრი მოსწავლე მუდმივად დასცინოდა, სკოლის ადმინისტრაცია კი ამაზე თვალს ხუჭავდა. საქმეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ის ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის მეჰრიბან ალიევას პირადი კონტროლის ქვეშაა.
როგორ დაიღუპა ელინა გაჯიევა
როდესაც ელინა ფანჯრიდან გადახტა, დირექტორმა სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა, და ამის ნაცვლად, დაშავებული გოგონა ორი საათის განმავლობაში თავის კაბინეტში ამყოფა, იქ ის არსრულწლოვნებთან მუშაობის საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ელინას მისი საქციელის მიზეზების გამო შეკითხვებზე პასუხის გაცემას აიძულებდა. ეს ყველაფერი ვიდეოზეა გადაღებული.
შემდეგ, როგორც იქნა, ელინა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის ორ დღეში მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.
ექიმები მასთან მშობლებს არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ გოგონას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.
სამაგიეროდ, რეანიმაციაში სკოლის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუშვეს. ისინი ელინას „დაკითხვას“ ისევ აგრძელებდნენ, და მისი საქციელის მოტივებს არკვევდნენ.
ეს ყველაფერი სოციალური ქსელებში დაწვრილებით ჟონავდა, ადამიანები გაბრაზებულები იყვნენ და სამართლიანობას მოითხოვდნენ; კერძოდ კი – საქმის დაწვრილებით გამოძიებას და გოგონას სიკვდილში დამნაშავე ყველა პირის: დირექტორის, საავადმყოფოს ექიმების, სკოლის ფსიქოლოგის, კლასის დამრიგებლის დასჯას.
დირექტორის მოადგილე და სკოლის ფსიქოლოგი თანამდებობებიდან მოხსნეს.
ექიმებთან საქმის გარკვევა არავის დაუწყია.
დამნაშავის სკამზე კი მხოლოდ დირექტორი სევნჯ აბასოვა აღმოჩნდა. თანამდებობიდან ისიც მოხსნეს, შიდა პატიმრობა მიუსაჯეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით აღძრეს. მაგრამ შემდეგ ეს საქმე შეწყვიტეს, და დირექტორს ბრალდება „გულგრილობის“ და „საფრთხეში მიტოვების“ მუხლებით წაუყენეს.
პროცესი და განაჩენი
სევინჯ აბასოვას წინააღმდეგ სასამართლო 12 სექტემბერს დაიწყო. დირექტორი ბრალს უარყოფდა.
მედია და საზოგადოება პროცესის მსვლელობას ყურადღებით აკვირდებოდა. გავრცელდა ბევრი ჭორი, როგორც დირექტორის, ისე ელინას დედის შესახებ. ეს ჭორები სოციალურ ქსელებში მწვავედ განიხილებოდა. დირექტორი და მისი გულშემატკივრები ცდილობდნენ, გოგონას სიკვდილში დაედანაშაულებინათ მისი მშობლები, რომლებიც ქალიშვილს ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ.
24 ოქტომბერს სასამართლომ სევინჯ აბასოვა ორივე მუხლის მიხედვით დამნაშავედ ცნო. განაჩენის ორნახევარ წელიწადს ის დრო გამოაკლეს, რაც მან შიდა პატიმრობაში უკვე გაატარა.
საბოლოოდ მას 2 წლით, 2 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგულისხმება, რომ აბასოვა სახლიდან 23:00-დან 07:00 სათამდე არ უნდა გავიდეს, და ვალდებულია ატაროს ელექტრონული სამაჯური, რომელიც მის გადაადგილებას გააკონტროლებს.
მან ელინას მშობლებს 18500 მანათის – დაახლოებით 11 ათასი დოლარის ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. მშობლები თავიდან დაახლოებით 59 ათასი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდნენ.
ზედმიწევნით მსუბუქი სასჯელი
აზერბაიჯანში ეს განაჩენი ბევრს უსამართლოდ და ზედმეტად მსუბუქად მიაჩნია. ადამიანები იხსენებენ, თუ როგორ უსჯიდნენ ოპოზიციის აქტივისტებს „ხულიგნობის“ ან „არეულობის ორგანიზების“ ბრალდებით პატიმრობის რეალურ ვადებს.
ელინას მშობლები აპელაციის შეტანას აპირებენ, უარის შემთხვევაში კი – ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩივილს.
ელინა გაჯიევას თვითკვლელობამ აზერბაიჯანის საზოგადოებას და ჩინოვნიკებს აიძულა, რომ ყურადღება სკოლებში არსებული ბულინგისა და მასთან ბრძოლისკენ მიეპყროთ.