29-10-2019
ივანიშვილის ხელში ასეთი მოქმედება არ ტოვებს საარჩევნო შთაბეჭდილებას, მით უმეტეს, წყალტუბო არ გახლავთ არჩევნებზე გავლენის ძლიერი იარაღი, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით.
რამაზ საყვარელიძე საერთო ჯამში დადებითად აფასებს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, თუმცა აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესების ფონზე, წყალტუბოს შესყიდვის საკითხს საპროპაგანდო მნიშვნელობა ვერ ექნება.
„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება დანახული იყოს იმ ჭრილში, რომ არჩევნები მოდის და აბა, კარგი საქმეების გაკეთებას თუ აპირებენ, საარჩევნოდ ხომ არ აპირებენ?! მაშინ პოლიტიკაში ჩართული ყველა პირი უნდა გაჩერდეს, თუ მაგას მოერიდება. თუ საარჩევნოდ აპირებენ, ეგაც კარგია, თუ საარჩევნოდ არ აპირებენ, კიდევ უკეთესი. მაგრამ ივანიშვილთან დაკავშირებით ეგ ძნელად ითქმის, იმდენჯერ და ისეთ დროს აქვს ანალოგიური ნაბიჯები გადადგმული, როცა არჩევნებთან სულ არ იყო ეს ნაბიჯები კავშირში. მის ხელში ასეთი მოქმედება არ ტოვებს საარჩევნო შთაბეჭდილებას, მით უმეტეს, წყალტუბო არ გახლავთ არჩევნებზე გავლენის ძლიერი იარაღი“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის აღნიშნულ განცხადებას შესაძლოა, კრიტიკაც მოჰყვეს, „თუნდაც იმ დებულებიდან გამომდინარე, რომ საარჩევნოდ მიიღეს ეს გადაწყვეტილება“.
„დემოკრატიის გამომგონებლებმა ამიტომაც მოიგონეს ერთ-ერთი მექანიზმი იმისა, რომ პოლიტიკოსებმა კარგი საქმეები აკეთონ, მაგრამ ვიმეორებ, ივანიშვილს კარგი საქმეები ბევრი აქვს გაკეთებული ისე, რომ არჩევნები არ იყო. ასე რომ, მგონი ნაძალადევი იქნება ამისი გამოყენება პარტიათა შორის ქილიკობისთვის“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.