გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიღომში განათლების ქალაქის მშენებლობის პირველი ფაზა ორ კვირაში დასრულდება

31-10-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სსიპ ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზვიად როსტომაშვილმა დიღომში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში მიმდინარე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის კომპლექსის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს და შეაფასეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, რომელიც ორი კვირის განმავლობაში დასრულდება.

„მოგეხსენებათ მიმდინარე წლის მაისში ჩვენ დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი პროექტის, განათლების ქალაქის მშენებლობა თბილისში, რომლის პირველი ფაზა - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის კომპლექსის მშენებლობის პროცესი სრულდება. სკოლის კომპლექსი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და აერთიანებს, ბიბლიოთეკებს, სპორტულ და საკონფერენციო დარბაზებსა და სხვა. ვფიქრობ რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა. იანვარში სკოლა უკვე მიიღებს ბავშვებს. ორ კვირაში აქ ასევე დაიწყება კომაროვის სკოლის დიღმის ფილიალის მშენებლობა. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია პროფესიული სასწავლებლისა და ბავშვებისთვის სამეცნიერი ლაბორატორიის მშენებლობის დაწყებაც. ყველა სამუშაო გეგმიურად მიმდინარეობს.“ - განაცხადა მინისტრმა.

განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე, 1300 მოსწავლეზე გათვლილი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. სკოლა A da B ბლოკებისგან შედგება - A ბლოკში განთავსდებიან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, B ბლოკში კი საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები. ბლოკები ერთმანეთთან გადასასვლელი გალერეებით არის დაკავშირებული. მათი კონფიგურაცია და ურთიერთგანლაგება წარმოქმნის სამ შიდა ეზოს, სადაც მოეწყობა სათამაშო და დასასვენებელი ზონები. შენობა ადაპტირებულია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. სკოლაში იფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, სასადილო, ექიმის კაბინეტი, 3 სპორტული დარბაზი, გარე მოედნები. პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. მშენებლობის პროცესში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.

მიმდინარე წელს, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში, ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის მშენებლობაც დაიწყება, რომელიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე სასრულდება. 350 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე ტიპის შენობა ადაპტირებული იქნება, იფუნქციონირებს ლიფტი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები. ასევე მოეწყობა სპორტული მოედანი და განხორციელდება სკოლის ტერიტორიის გამწვანება. სკოლები აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ღირებულება 9,5 მლნ ლარია.

განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ხელოვნების კოლეჯისა და მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930