5-11-2019
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიზანდასახული მუშაობის შედეგად საქართველო სამაგალითო ქვეყნად იქცა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის და სწორედ ამიტომ არის ის ნიდერლანდებისა და ევროკავშირის მთავარი პარტნიორი, - ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობების დადასტურებაა.
„თქვენი ვიზიტი ნამდვილად ისტორიულია, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორმხრივი ვიზიტის ფორმატში პირველად ვმასპინძლობთ ნიდერლანდებში. თქვენი ვიზიტი იმის დასტურია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს. ნიდერლანდები საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ინვესტიციების მხრივ მეორე ადგილზე ვართ. სრულიად დარწმუნებული ვართ თქვენი ქვეყნის მომავალში. დარწმუნებულნი ვართ თქვენი ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში, მისი ეკონომიკის ზრდაში და განხორციელებულ რეფორმებში. დარწმუნებულნი ვართ, რომ სტაბილურობა აჩენს შესაძლებლობებს, რათა მომდევნო წლებში კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და მოიცვას მათ შორის აგრარული სფეროც“, - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა.
მარკ რუტეს განმარტებით, ნიდერლანდების სამეფო, უკვე ხუთი წელია, საქართველოში აგრარულ სავაჭრო მისიებს აგზავნის და საჭიროების შემთხვევაში მზად არის, სხვადასხვა სფეროში ექსპერტული ცოდნა მომავალშიც გაუზიაროს ჩვენს ქვეყანას.
„ამგვარი ურთიერთობით ორივე მხარე დიდ სარგებელს მიიღებს და კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს. საქართველო ჩვენთვის უფრო მეტია, ვიდრე სავაჭრო პარტნიორი. ჩვენს ქვეყნებს საერთო ფასეულობები გააჩნია, მათ შორისაა დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები. უსაფრთხოების სფეროშიც საერთო ინტერესები და გამოწვევები გვაერთიანებს. საბოლოო ჯამში უსაფრთხოება, სტაბილურობა და ჩვენი რეგიონების კეთილდღეობა მეტად ურთიერთდაკავშირებული სფეროებია. ნიდერლანდები ძალიან აფასებს საქართველოსთან წლების განმავლობაში დამყარებულ თანამშრომლობასა და წარმატებულ ურთიერთობებს. იმედი მაქვს, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება მომავალში, არა მხოლოდ მთავრობების და ბიზნესწრეების, არამედ ჩვენი მოქალაქეების დონეზე“, - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმა.
მარკ რუტემ ტურიზმის ზრდის დადებით ტენდენციასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამას ხელი შეუწყო საქართველოში გადაღებულმა ჰოლანდიურმა სატელევიზიო გადაცემამაც, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში პოპულარობით სარგებლობს.
„საქართველოში გადაღებული პოპულარული ჰოლანდიური სატელევიზიო გადაცემის შემდეგ, სულ რაღაც 2 წლის განმავლობაში 60 პროცენტით იმატა ჰოლანდიელი ტურისტების რაოდენობამ საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ქვეყნისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ჰოლანდიელი კითხვის მოყვარული ერი ნინო ხარატიშვილის შემოქმედებას გაეცნო და მისი კითხვის შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე გაუჩნდა. აშკარაა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვეძებთ და ვპოულობთ ძალიან ბევრ სფეროში“, - აღნიშნა მარკ რუტემ.