5-11-2019
მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისში ISUZU-ს
და MAN-ის მარკის 30 ავტობუსი შემოვიდა, რომლებიც თერთმეტ მარშრუტზე გავლენ.
ახალი ავტობუსები 6 ნოემბერს N5, N90, N106, N112 მარშრუტებზე გავლენ, ხოლო 8 ნოემბერს - N1, N31, N124 მარშრუტებზე.
12 ნოემბრიდან კი ახალი ავტობუსები იმოძრავებენ N19, N57, N80 და N122 მარშრუტებზე.
ახალი ავტობუსების უმრავლესობა დედაქალაქის გარეუბნებში არსებულ დასახლებებს და შემოერთებულ სოფლებს ცენტრალურ უბნებთან დააკავშირებს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერია აგრძელებს დაგეგმილი სატრანსპორტო პოლიტიკის რეალიზებას, რომელიც სამი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება.
„პირველი და მნიშვნელოვანი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. მხედველობაში მაქვს არსებული ავტობუსების პარკი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.
ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ჩვენ დავისახეთ პრიორიტეტად, რომ ჩავანაცვლოთ არსებული ავტოპარკი ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსებით და ჩვენს დაპირებას ვასრულებთ.
ძალიან მალე მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ის ყვითელი ავტობუსები, რომლებიც პრობლემურია და ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. პარალელურად, მეტროში დავიწყეთ მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელება: ძალოვანი კაბელების გამოცვლა, არსებული ვაგონების რეაბილიტაცია; უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს ახალი ვაგონების შესყიდვაზე. ასევე, მნიშვნელოვანი მიმართულება არის ტაქსების რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ეს ყველაფერი საერთო ჯამში მოგვცემს ქალაქში მოწესრიგებულად გადაადგილების შესაძლებლობას.
რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკას ჰყავს კრიტიკოსებიც. არიან ოპონენტები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ ჩვენ ვართ იმისთვის, რომ საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია მერიის მიერ განხორციელებულ ყველა რეფორმაზე, ყველა წინგადადგმულ ნაბიჯზე და წინსვლაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ხაზი გაუსვა დედაქალაქში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის პარალელურ რეჟიმში განხორციელების აუცილებლობას.
„ჩვენ ვისმენთ და ყველა პროექტზე ხდება ეს: „რა დროს ეს იყო? ჯერ მოგვეცადა. ჯერ ერთი გაგვეკეთებინა და მერე მეორე“. არა, მეგობრებო. ჩვენ არ გვაქვს მოცდის დრო. საზოგადოებამ აგვირჩია იმისთვის, რომ განვახორციელოთ რეფორმები, მოვაგვაროთ ქალაქში არსებული პრობლემები, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისელებს’’ - განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების პარკის განახლების მიზნით, მიმდინარე წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი MAN-ისა და 220 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსები შეიძინა. 50 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსი თბილისში გაზაფხულზე შემოვიდა და მგზავრებს N50, N55 და N71 მარშრუტებზე ემსახურება. რაც შეეხება ISUZU-ს მარკის ავტობუსებს, პირველ ეტაპზე 60 ერთეული შემოვიდა და 10 მარშრუტზე, N4, N10, N28, N34, N42, N56, N66, N78, N103 და N108-ზე გადანაწილდა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც MAN-ის, ასევე ISUZU-ს მარკის ავტობუსები EURO 6 ემისიის სტანდარტისაა, სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით, დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემები, ასევე, usb დამტენები. გარდა ამისა, თითოეულ მათგანში განთავსებულია wifi მოდემი, რომელიც ავტობუსის სრულად დაფარვას უზრუნველყოფს.