5-11-2019
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დამამძიმებელი გარემოებით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.გ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებები წარადგინა, დაიკითხა ათობით მოწმე, გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური კვალი, მათ შორის ბრალდებულის „დნმ“-ი, რომელთა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 4 თებერვალს ვ.გ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეგობარს - გ.ი.-ს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, ხანჯლით გულ-მკერდის, სახისა და ხელების არეში 25 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გ.ი. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ვ.გ. 2019 წლის 6 თებერვალს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ვ.გ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.