გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ე.წ. ფონდების საქმეში გიგი უგულავა დამნაშავედ ცნეს

28-02-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. „ფონდების საქმეში“ დამნაშავედ ცნო.
ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებული, ქ.თბილისის ყოფილი მერი - გ.უ., მერის ყოფილი მოადგილე - დ.ა., ძველი თბილისის ყოფილ გამგებელი - დ.ა. და ქ.თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი - ა.თ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ამავე საქმეზე ბრალდებული ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი თავმჯდომარე - გ.ს. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო ძველი თბილისის გამგებლის ყოფილი მოადგილე - დ.ჩ. წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქ. თბილისის რეაბილიტაციის მიზნით 2010 წლის 16 ივლისს, ქ. თბილისის მერიამ დააფუძნა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდი“. ქ.თბილისის მერმა და ამავდროულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ - გ.უ.-მ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად. 

2011 წლის ნოემბერში, მერიის მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, ქ.თბილისის მერის - გ.უ-ს დავალებით, „თბილისის განვითარების ფონდში“ ფიქტიურად გაფორმებული 719 შენობის კვლევის სპეციალისტისთვის დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ არა ფონდის თანამშრომლებს, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს. დამზადებულ პლასტიკურ ბარათებზე უკანონოდ ირიცხებოდა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხა, რაც წინასაარჩევნოდ გაწეული პარტიული საქმიანობის სანაცვლოდ ხელფასის სახით ურიგდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივისტებს - უბნის უფროსებსა და მიკრო კოორდინატორებს. ამ გზით 2011 წლის ნოემბრიდან - 2012 წლის ივნისის ჩათვლით პარტიული ინტერესებისთვის მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 13 852 497 ლარი.

მოგვიანებით, 2012 წლის ივნისიდან - ოქტომბრის ჩათვლით, გ.უ-ს დავალებით, პარტიული აქტივისთვის დასარიგებელი სახელფასო თანხა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ ანგარიშიდან საბანკო ჩეკების გამოყენებით გამოჰქონდათ დანაშაულთან კავშირში მყოფ სხვა პირებს, რომელიც კოორდინატორების რაოდენობის მიხედვით ეტაპობრივად ხელზე გადაეცემოდა პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ხოლო მათი მეშვეობით უშუალოდ პარტიულ აქტივისტებს. აღნიშნული გზით მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 34 328 463 ლარი. 

ქ.თბილისის მერის გ.უ-ს და მერიის მაღალჩინოსნების მიერ, პარტიული ინტერესებისთვის, მთლიანობაში მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 48 180 960 ლარი, რომელიც მოხმარდა არა ქ. თბილისის განვითარებასა და რეაბილიტაციას, არამედ პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. ასევე, 2012 წლის თებერვლიდან 2012 წლის ივლისის ჩათვლით, ფონდის სახსრებით მართლსაწინააღმდეგოდ დაფინანსდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია და პარტიის ლიდერების შეხვედრები მხარდამჭერებთან, რაშიც გაიფლანგა ქ.თბილისის მერიის კუთვნილი საბიუჯეტო სახსრები 719 862 ლარი.

გ.უ-ს, დ.ა-ს, გ.ს-ს და დ.ა-ს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა), ა.თ-ს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა), ხოლო დ.ჩ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (თანამონაწილეობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში). 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება და გ.უ., დ.ა., ა.თ. და დ.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებული გ.ს. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

გ.უ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. დ.ა-ს განესაზღვრა 1 წლის და 2 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. დ.ა-ს განესაზღვრა 1 წლის და 2 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ა.თ-ს განესაზღვრა 1 წლის და 2 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. გ.ს-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930