გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"მე და ემინეს ერთი ქმარი გვყავდა. დებივით გვიყვარდა ერთმანეთი" - სამი ქართველი ქალის ისტორია

7-11-2019

ადრეული ქორწინება საქართველოში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. საქართველოში 15-19 წლის ასაკის გოგონების 14 პროცენტი ქორწინებაში იმყოფება. 2018 წელს 738 არასრულწლოვანი მშობელად დარეგისტრირდა. მათ შორის 715 იყო ქალი, 23 - კაცი. ქვემო ქართლში მცხოვრები ქალების 32 პროცენტი არასრულწლოვან ასაკში დაოჯახდა. მათ შორის, 5 პროცენტი 13-14 წლის ასაკში. 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13-დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა, მათი უმეტესობა გოგონაა. საქართველოში ნაადრევი ქორწინებების პრაქტიკა ყველაზე ხშირია ქვემო ქართლსა და აჭარაში, სადაც ეს ტრადიციის ნაწილად ითვლება.


აქ სამი წალკელი ქალის ისტორიაა. წლების წინ ისინი სწავლის გაგარძელებაზე ოცნებობდნენ, თუმცა ტრადიციის თანახმად, ადრეულ ასაკში გაათხოვეს. ისინი ჰყვებიან, როგორ აეწყო მათი ცხოვრება.


სონია მიქელაძე, 68 წლის


შუახევის სოფელ ბრილში დავიბადე. ხუთი დედმამიშვილი ვიყავით. ძალიან მშიშარა ბავშვი ვიყავი, მამაჩემის მეშინოდა. რასაც მამა იტყოდა, კანონი იყო, იმას ვერ გადაუხვევდი. სკოლაში ძალიან ლამაზად ვსაწვლობდი, რვა კლასი დავამთავრე. სწავლის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ ჩვენ სოფელში საშუალო სკოლა არ იყო, სხვა სოფელში კი აღარ გემიშვეს და გამათხოვეს.


პირველად 18 წლისა გამათხოვა მამაჩემმა ძალით. არ მიყვარდა, უსიყვარულოდ გამათხოვეს. სამი თვე ვიცხოვრე იმ კაცთან და წამოვედი. აი, მაშინ პირველად არ დავუჯერე მამას. ცხრა თვე არ მელაპარაკებოდა.


20 წლისა რომ გავხდი, მამამ ისევ ძალით მეორედ გამათხოვა 45 წლის კაცზე. ამ კაცს სახლში ორი ქალიშვილი და ცოლი ჰყავდა. მამა ამბობდა, შვილი მაინც გეყოლებაო. მე კი ვერაფერი გავაჩინე და ჩემი ქმრის შვილიშვილი ვაჟი ვიშვილეთ.


ქმარი ძალიან უხეში და მყვირალა კაცი იყო, მაგრამ ქალი მყავდა უმაღლესი. მის ცოლზე, ემინეზე ვამბობ, რომელიც სახლში დამხვდა. ჩემი მეგობარი იყო ის ქალი 21 წლის განმავლობაში, დებივით ვიყავით. აი, რომ მოგენატრება ადამიანი და წარმოიდგენ, ისე წარმოვიდგენ მე მას.


ემინეს უყვარდა თავისი ქმარი. მაგ კაცი 25 წელი ციხეში იყო და ეს ქალი ელოდა. ორი გოგო გაუჩინა, უზრდიდა და მოსკოვში ქმრის საშველად სამჯერ ჩავიდა. უშველა კიდეც და ჩამოიყვანა. ხოდა ასეთ ქალს უღალატა იმ კაცმა და მე მომიყვანა ცოლად იმისთვის, რომ ბიჭი გამეჩინა. მე ვერაფერი გავაჩინე.
მაგრამ მის გოგოებს დღეს დედაზე წინ ვუყვარვარ და მაფასებენ. იციან, მე მათი დედის ხათრით რამდენი რამე გადავიტანე და მის გამო არ წამოვედი იმ ოჯახიდან.


რამდენი წელი გავიდა და კიდევ წყენა მაქვს მამაჩემის მიმართ. დედაზე არ ვარ ნაწყენი. მამასაც ვუთხარი ერთხელ ეს და მითხრა ერთმანეთს ჰალალი ვუყოთ და ვაპატიოთო. ჩვენსკენ იციან ასე. მე ვუთხარი არ გაპატიებ არასდროს მეთქი. იმქვეყნადაც არ ვაპატიებ.


მე არ მინდოდა გათხოვება, სწავლა მინდოდა საექთნოზე ბათუმში, მაგრამ არაფერი გამოვიდა.


ახლა მე საერთოდ აღარ ვიცი სიყვარული რა არის. არა ადამიანების სიყვარული კი მაქვს, როგორ არა, მაგრამ ცოლ-ქმრის სიყვარული რა არის არ ვიცი. ასეთი გათხოვებები ახლაც ხდება სოფლად.



მაყვალა რესულიძე, 44 წლის


ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში დავიბადე. 9 დედმამიშვილი ვიზრდებოდით. ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი.


ორი სკოლის რეკორდი მოვხსენი სპორტში. ყველაფერში პირველ ადგილას გავდიოდი. ძალიან თხა ბავშვი ვიყავი, მაგრამ პატარაობიდანვე სულ საქმეს ვაკეთებდი: ვმუშაობდი ყანაში, ჭალაში, ვუვლიდი თუთუნს. მაშინ თუთუნი მოჰყავდათ. ვაგროვებდი მსხალს, პანტას და მაკულატურას - ვაბარებდით. მაშინ ეს ყველაფერი გვეხალისებოდა.


14 წლის ასაკში ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ასე ვთქვათ, შემწვა ცხოვრებამ. ძმა დამეღუპა, მერე დედას დამბლა დაეცა და სამ წელიწადში ისიც მომიკვდა.
სხვა გზა არ იყო, უკან მოსახედი არ მქონდა არაფერი, ოჯახს უჭირდა და 19 წლისა გამათხოვეს, გარიგებით. ერთხელ ვნახე ჩემი ქმარი გათხოვებამდე, ვერ ვიტყვი, რომ არ მომეწონა, კი მომეწონა, მაგრამ სხვა რამეზე ვოცნებობდი, სწავლის გაგრძელება მინდოდა. ექთნობაზე ვოცნებობდი, თავს სულ თეთრ ხალათში წარმოვიდგენდი.


ყველაფრის მეშინოდა, ცხოვრების მეშინოდა. ახალ ოჯახში პურის აღებისაც კი მეშინოდა, არიქა და არ მეჩხუბონ მეთქი, მაგრამ მამათილი მყავდა კარგი ადამიანი, შვილივით მიმიღო. ნელ-ნელა ვისწავლე ყველაფერი.


დღესაც ძალიან ბევრს ვმუშაობ - ვუვლი საქონელს, ვმუშაობ ყანაში, ვაკეთებ ოჯახის საქმეს. ქმარი მწყემსი მყავს. დილაუთენია ვდგები, ექვს რომ თხუთმეტი აკლია, ვულაგებ საჭმელს და ვაცილებ. მერე ვდარდობ მთელი დღე, სადმე რამე არ მოუვიდეს. არაა ადვილი მწყემსის ცოლობა.


ჩემი გადმოსახედიდან გეტყვით, რომ ქალებმა უნდა დააფასონ თავისი თავი და არ გადაიტვირთონ. მე იმაზე მეტს ვაკეთებ, რაც შემიძლია. ჩემს შვილებს სულ ამას ვეუბნები, არ არის საჭირო ამდენი შრომა, ბოლოს მაინც ჯანმთელობას დაეტყობა. მეც მეტყობა უკვე, მაგრამ ჩემს თავს აღარ ვჩივი. კი, გული როგორ არ მწყდება. სხვა ცხოვრება მინდოდა, სწავლა მინდოდა, მაგრამ სხვანაირად წავიდა ყველაფერი. ახლა უფრო იმაზე ვდარდობ, შვილებისთვისაც რომ გამიჭირდა განათლების მიცემა.

დარიკო ართმელაძე, 43 წლის


14 წლის ვიყავი სადედოფლო კაბა რომ ჩამაცვეს და კუთხეში დამაყენეს. ენით ვერ აღვწერ ეს ჩემთვის რა საშინელება იყო. მე არაფერი მესმოდა და არაფერი ვიცოდი ქორწინებაზე. ჩემი ოცნება სწავლის გაგრძელება იყო, მაგრამ მხოლოდ ექვსი კლასის დამთავრება შევძელი.


სულ იმას ვიტყვი, რომ ნაადრევი ქორწინება ცუდია. განათლება პირველ ადგილას უნდა იყოს. ადამიანი უნდა ჩამოყალიბდეს და მერე გადაწყვიტოს თავისი ცხოვრება.


ისე მოხდა, რომ მეორედ დავოჯახდი. მეორედ ყველაფერი ჩემი ნებით იყო. ჩემმა მეუღლემ დამითანხმა და შევქმენით ოჯახი. ახლა შვიდი შვილი მყავს და ველოდები მეშვიდე შვილიშვილს. რა დარდიც არ უნდა მქონდეს, ჩემს შვილებს, რომ შევხედავ, ყველაფერი მავიწყდება. ბედნიერება ჩემთვის მარტო ჩემი შვილები არიან.




JAM-NEWS.NET

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930