28-02-2018
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარადგინა.
დადგენილება პარლამენტმა “2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშთან“ დაკავშირებით შეიმუშავა.
გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სამინისტრომ გაითვალისწინა რეკომენდაცია, დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტების მდგრადობას შეფასების ექსპერტიზის შესახებ. 2017 წელს, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 32 ნგრევადი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრები 449 დევნილი ოჯახი, კრიტერიუმების გარეშე, განსახლდა და ეს პროცესი 2018 წელსაც გაგრძელდება.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს დევნილთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმირებულობის გაზრდის კუთხითაც. მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები დევნილებთან შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა რეგიონებში, ინფორმაციის გავრცელება ხდება მედიასაშუალებებით, დევნილებს ეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით მოხალისეები დევნილებს ინფორმაციას კარდაკარ პრინციპით აწვდიან.
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ასევე გაითვალისწინა რეკომენდაცია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების ერთჯერადი ტრანსპორტირებითა და დროებითი საცხოვრებელში კვებით უზრუნველყოფის შესახებ.
სამინისტრომ ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან (IOM) სრულად გადმოიბარა დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამა. სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალური პროექტების დაფინანსების, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, უფასო სამედიცინო დახმარების და მედიკამენტების დაფინანსებისა და საცხოვრებლით დროებით უზრუნველყოფის მიზნით, ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 700 000-მდე ლარი იხარჯება.
გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, 2018 წლის საგრანტო პროგრამაში უკვე ასახულია ერთჯერადი ტრანსპორტირებითა და დროებითი საცხოვრებელში კვებით უზრუნველყოფის რეკომენდაციები.