8-11-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოძრაობა ,,ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.
,,გუშინ მამუკა ხაზარაძის ძალად პოლიტიკურმა ორგანიზაციამ 7 ნოემბერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და არ შემიძლია, ამ ცინიზმს და უკიდურეს უტიფრობას არ გამოვეხმაურო. ხაზარაძე საზოგადოებას ეუბნება, რომ თურმე ქართული ოცნებისთვის 7 ნოემბერი არ არის ღირებულებითი მოვლენა და მხოლოდ მისი პარტნიორების, ნაციონალების კრიტიკის შესაძლებლობაა. ბატონო მამუკა, არ მგონია მეხსიერების პრობლემა გქონდეთ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ თქვენ პირადად და საზოგადოებას, რომ არ გამოგივათ ამ სიცრუის ტირაჟირება, არავინ დაიჯერებს თქვენ სიყალბეს“, აცხადებს კარლო კოპალიანი.
მისივე თქმით, 9 აპრილს ქართველი ხალხი რუსულმა ჯარმა, ოკუპანტმა დაარბია. ,,7 ნოემბერს და 26 მაისს, თქვენმა სულიერმა ძმებმა, პირადად შენმა მიშამ დაარბია ქართველი ხალხი. იმ მიშამ რომლის კარის ბანკირი იყავი მუდამ და ყოველნაირად ცდილობდი გაგემყარებინა მოძალადე, სისხლიანი რეჟიმი, სამაგიეროდ კი სრული კარტბლანში გქონდა მოცემული სულის ამოხდამდე გაგეტყავებინა ქართველი ხალხი. საინტერესოა სად იყავი აქამდე? თუნდაც 2007 წლის 7 ნოემბერს ხალხთან იყავით? არა, მე იქ ვიყავი და თქვენთვის თვალიც არ მომიკრავს! ან მაშინ თუ დაგმეთ ძალადობა? არა! სამძიმარი თუ გითქვას ია მეტრეველისათვის, ირინა ენუქიძისათვის, ჯამბულ გამცემლიძისათვის, ვაზაგაშვილებისთვის, შარაძეებისთვის, წკრიალაშვილებისათვის და რამდენიმე ასეული ქუჩაში თუ ციხეებში ჩაცხრილული ახალგაზრდების ჭირისუფლისათვის, ხმამაღლა თუ გამოგითქვამს ყოველივე ამაზე პოტესტი? არა! ყოველივე ეს ფაქტი ძალიან კარგად ახსოვს ქართველ ხალხს. ამიტომ, გირჩევნია თავი დაანებო უტიფრობას და მაღალ მატერიებზე საუბარს, თავი დაანებო მორალისტობას, რადგან რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია შენი წარსულის მქონე ადამიანისგან დემოკრატიაზე, ადმიანის უფლებებზე და თანასწორობაზე საუბარი“, ასე მიმართა კარლო კოპალიანმა მამუკა ხაზარაძეს.