10-11-2019
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად ისტორიაში, იქმნება პრეცედენტი - ფუძნდება, ახალი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი, რაც ისტორიული მოვლენაა“ - აცხადებს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი ფილმში, რომელშიც საუბარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე.
მისი თქმით, ფონდი „ქართუ“ 25 წლის განმავლობაში ახორციელებს ქველმოქმედებას საქართველოში და ამ მიზნით სხვადასხვა პროექტზე ჯამში ფონდს გაღებული აქვს სამ მილიარდ დოლარზე მეტი.
„მიუხედავად აღნიშნულისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი უპრეცენდენტო მოცულობისაა ჩვენი ფონდისთვის. ამ მიზნით ფონდმა გამოყო ერთი მილიარდი ევრო, რაც სრულად დაიხარჯება ქუთაისის საუნივერსიტეტო კამპუსის შექმნაზე“ - ამბობს ნიკოლოზ ჩხეტიანი.
მისი თქმით, პირველ სამშენებლო ფაზაში შენდება 170 ათასი კვადრატული მეტრი, რაშიც შედის სამი სასწავლო კორპუსი, სამი საერთო საცხოვრებელი სტუდენტებისთვის და ერთი საცხოვრებელი პროფესორ-მასწავლებლებისთვის. გარდა ამისა, შენდება ცენტრალური ბიბლიოთეკა და ცენტრალური სასადილო , რომელიც მოემსახურება მთელ კამპუსს. შემდეგ ფაზებში მოხდება დამატებით ორი სასწავლო კორპუსის აგება, ადრონული თერაპიის ცენტრის შენობის აგება, მასთან მიბმული იქნება საუნივერსიტეტო კლინიკა და შესაბამისი ლაბორატორიები.
ამასთან, მისი თქმით, უნივერსიტეტში სტუდენტებს უმაღლესი კომფორტი დახვდებათ.
„ჩვენ გადავწყვიტეთ უმაღლეს დონეზე აგვეწია სტუდენტების კომფორტი. ჩვენს უნივერსიტეტში ყველას ექნება ინდივიდუალური ბინები, სადაც მათთვის გათვალისწინებული იქნება ინდივიდუალური სამზარეულოები და სანიტარული კვანძები, რაც არ აქვს ძალიან ბევრ კარგ უნივერსიტეტს „ - ამბობს ნიკოლოზ ჩხეტიანი.