გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტების მქონე უნიკალური, აკადემიური პროექტი

10-11-2019

„რომ არა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ინვესტიცია ამ საშვილიშვილო პროექტში, შეუძლებელი იქნებოდა საქართველოში ამ მასშტაბის და დონის უნივერსიტეტის დაარსება - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, პროფესორი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაღებულ ფილმში.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, რომლის ავტორი ბიძინა ივანიშვილია, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხედვაა ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის“ - ამბობს ჩხენკელი.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტების მქონე, მართლაც უნიკალური, აკადემიური პროექტი. მისივე თქმით, თვითონ სახელშიც - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სიტყვა საერთაშორისო აღნიშნავს იმ ფილოსოფიას რაზეც არის დაფუძნებული ეს უნივერსიტეტი.

როგორც ჩხენკელი აღნიშნავს, ქართველ პროფესორებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავენ უცხოელი პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან - გერმანიიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან. ყველივე ეს განაპირობებს იმას, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიოს ასპარეზზე.

ამასთან, მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვება ქართული სამეცნიერო სათვისტომო.

„ონლაინ რეჟიმი საშუალებას გვაძლევს, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ძალიან აქტიურად ჩავრთოთ ქართული სამეცნიერო სათვისტომო. მათ ჩვენ შევხვდით და ისინი ძალიან დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით ჩაერთვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში“ - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

მისივე თქმით, უნივერსიტეტი შექმნისთანავე, თანამშრომლობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან.

„ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი და სწორედ მასთან ერთად შეიქმნა აკადემიური პროგრამები, რაშიც გვექნება პირველი მიღება. ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ძალიან ცნობილი, წამყვანი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი-ვოლფგანგ ჰერმანია“ - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

მისივე თქმით, აკადემიური სივრცე - ე.წ. კამპუსი არის ულტრათანამედროვე, დასავლურ სტილში, როგორც არის ეს მიღებული ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, აშშ-ს უნივერსიტეტებში და სტუდენტებს ექნებათ წვდომა მთელს იმ ინტელექტუალურ საგანძურზე, რომელიც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს აქვთ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930