11-11-2019
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზექენდში მომხდარ შემთხვევას იძიებს.
გამოძიებას საფუძვლად დაედო ვიდეო, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა. ვიდეოზე ახალგაზრდა კაცი ჩანს, რომელსაც გარშემო ბევრი კაცი ახვევია და ხმამაღლა, აზერბაიჯანულ ენაზე ეჩხუბებიან, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ბოდიშის მოხდას სთხოვენ.
„შენ მთელი ერი შეარცხვინე,“ – ისმის ასეთი ფრაზა.
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ვიდეოზეა – გამიდ სადიჰია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზექენდის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი.
მის გარშემო შეკრებილები კი, ადგილობრივი მაცხოვრებლები და უხუცესები.
თეზექენდელების უკმაყოფილება სადიჰის ფეისბუკ-პოსტმა გამოიწვია, სადაც იგი აზერბაიჯანულ თემში გავრცელებულ პრაქტიკას – გოგონების ნაადრევ გათხოვებასა და მოტაცების აკრიტიკებს და კონკრეტულ შემთხვევაზე წერს, რომელიც მის ყოფილ მოსწავლეს შეემთხვა:
“ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე მოიტაცეს. დღეს მისი პირველი დღე უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტში. ის ავტობუსის გაჩერებიდან მოიტაცეს… ” – წერს სადიჰი.
შემდეგ იგი ახსაკალები ანუ უხუცესებს ახსენებს და მიანიშნებს, რომ სწორედ ისინი ასაზრდოებენ მოტაცების ტრადიციას, რადგან ნორმად მიიჩნევენ მას:
“ახლა წყეული ახსაკალები იტყვიან – შერიგდნენ და იცხოვრონ ერთად,” – ეწერა სადიჰის პოსტში, რომელიც უკვე წაშლილია.
ზეწოლის შემდეგ სადიჰი შეკრებილებს ბოდიშს უხდის და ფეისბუკზეც წერს პოსტს ახსნა-განმარტებით.
აღნიშნული ვიდეო თავად „საჯარო სასამართლოს“ მომწყობებმა გადაიღეს და შემდეგ იგი ადგილობრივ მოსახლეობაში გაავრცელეს – ერთმანეთს უგზავნიდნენ იმის ნიშნად, თუ რა სამაგალითოდ დასაჯეს ტრადიციების შეურაცხმყოფელი.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის თავად სადიჰის ნათესავებიც იყვნენ.
აღნიშნული ფაქტი მედიის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში მოხვდა.
ამის შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამიდ სადიჰის მიმართ სავარაუდო იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო.
სადიჰი უკვე იყო პოლიციაში გამოკითხვაზე.
ვინ არის გამიდ სადიჰი?
გამიდ სადიჰი გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, იგი ეთნიკური აზერბაიჯანელია და საკუთარ რაიონში სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად მუშაობს.
სადიჰი საზოგადოებრივად აქტიური ადამიანია, რამდენიმე წლის წინ იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ პროექტში იყო ჩართული, რომელიც ადრეული ქორწინებების პრობლემას ეხებოდა.
მას საკუთარ ფეისბუკ-გვერდი აქვს, სადაც წერს სხვადასხვა აქტუალურ და აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ტაბუდადებულ თემებზე.
მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო პოსტში ის წერს ისტორიას ხანდაზმულ აზერბაიჯანელ ქალზე, რომელსაც ბავშვობაში ჰქონდა ოცნება ესწავლა, თუმცა მრავალშვილიანი ოჯახის მამამ იგი 15 წლის ასაკში გაათხოვა პირველივეზე, ვინც მისი ხელი ითხოვა. „როდესაც საკინა ხათუნი თხოვდებოდა, ის ჯერ არ იყო სრულწლოვანი და ამიტომ ხელისმოწერის დროს ბიძაშვილის პასპორტით მივიდა“. ამ ისტორიის ბოლოს, ეს ხანდაზმული ქალი, რომელსაც უკვე გადაადგილება უჭირს, გულში იხუტებს თავისი შვილიშვილი გოგოს დიპლომს.