11-11-2019
„ეს არის გამიზნული, დიდი ხნის წინ დაგეგმილი მორალურ-ზნეობრივი ტერორისტული აქტი
არა მხოლოდ პატრიარქსა და საპატრიარქოს მიმართ, არამედ ეს არის სახელმწიფოებრიობისა და საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლის კულმინაცია“,-ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებებს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
დეპუტატი მიმდინარე მოვლენებს ოპონენტებს უკავშირებს.
მისი თქმით, მიუხედავად მცდელობისა, ისინი ვერც სახელმწიფო ინტერესებს და ვერც საზოგადოებას ვერ დააზიანებენ.
„მათი ჩვეული სტილი, რომ აკეთებენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტისაზოგადოებრივ საქმეს და შემდეგ ისინი ყველაფერს სხვას აბრალებენ, ესეც მათი ჩვეული მეთოდია. მე რომც დავიჯერო მათი ფიცის, მაკვირვებს თავიც და ბოლოც, იმიტომ, რომ ისინი 16 წლის განმავლობაში ებრძვიან ეკლესიას. ალბათ, გახსოვთ, სატვირთოებით თავდასხმა ეკლესიაზე, გახსოვთ თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ეკლესიის მუდმივი დისკრედიტაცია და უკვე, არც თუ ისე გასაკვირი ბოლო, როდესაც პეტრე პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალი სანდოობის მქონე წარმომადგენელი ეკლესიაში, რომელიც არც მალავს სიმპათიებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, უკვე ახორციელებენ კიდევ ერთხელ დიდ დარტყმას პატრიარქსა და ეკლესიაზე. ეს არის გამიზნული, აქ არავითარ შემთხვევითობას ადგილი არ აქვს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად მათი მცდელობისა, ისინი ვერ დააზიანებენ მთავარს -ვერც სახელმწიფო ინტერესებს და ვერც საზოგადოებას“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.