15-11-2019
საქართველოს ბანკი ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. საქართველოს ბანკი პირველი კორპორაციული ბანკია საქართველოში, რომელიც SWIFT gpi გლობალური გადახდების სისტემაში სრულად ჩაერთო.
SWIFT gpi არის ახალი სტანდარტი საერთაშორისო სავალუტო ტრანზაქციებში, რომელიც პროცესს უფრო სწრაფსა და გამჭვირვალეს ხდის. ინოვაციური სისტემა იძლევა ტრანზაქციების მარშრუტის ონლაინ რეჟიმში შემოწმების, ტრანზაქციების საკომისიოების გამჭვირვალობისა და ეფექტური ანგარიშსწორების შესაძლებლობას. SWIFT-მა შექმნა ერთიანი გლობალური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ბანკებს ეძლევათ შესაძლებლობა, უფრო ეფექტურად, დროის მოკლე მონაკვეთში მოახდინონ ტრანზაქციების განხორციელება და განაახლონ ტრანზაქციის მიმდინარე სტატუსები, ასევე, ნახონ მონაწილე ბანკების მიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკომისიოები.
SWIFT gpi პროდუქტის დანერგვამდე, საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვებში მონაწილე ბანკებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც აღნიშნული ტრანზაქცია მათ სისტემაში ხვდებოდა. შესაბამისად, პროცესი არ იყო ისეთი გამჭვირვალე, როგორც ახლა. ინოვაციური სისტემის დანერგვამდე ბანკებს არ გააჩნდათ მიმდინარე სტატუსი და სრული სურათი ტრანზაქციებზე არსებულ ჯაჭვში.
SWIFT gpi-ის სერვისით უკვე 3500-ზე მეტი ბანკი სარგებლობს და მონაწილე ბანკების რაოდენობა დღითი დღე იზრდება, რადგან აღნიშნული პროდუქტი დიჯიტალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ბანკი კი პირველი კორპორაციული ბანკია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც Swift GPI მომსახურების სრულუფლებიანი წევრი გახდა.