17-11-2019
სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ქვიშის ტომრებით დატვირთული ავტომობილის პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან მიტანის საშუალებას არ აძლევდნენ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ამ ფაქტს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ავტომობილში ქვიშით სავსე ტომრებია განთავსებული, რომელთა დანიშნულებაც მხოლოდ კარვების გამაგრებაა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ განუმარტეს, რომ შეშის შეტანაზე პრობლემას არ უქმნიან, თუმცა ტომრებს ტერიტორიაზე არ შეატანინებენ.
"ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ერთ-ერთ სამართალდამცველს მიმართა და განუცხადა, რომ პოლიციის ქმედება უკანონოა, რაზეც თავის მხრივ, ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა განმარტა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვიშას ვერ შეატანინებდნენ.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველებისგან განმარტებას ითხოვდნენ, რა საფრთხეს ხედავენ ტერიტორიაზე ქვიშის შეტანაში და რატომ უწევენ წინააღმდეგობას მათ ამ სურვილის განხორციელებაში.
"სადმე წერია, რომ სილის შეტანა არ შეიძლება... არ შემატანინებ რა, ძველი ბიჭი ხარ თუ რა? პოლიციელი ხარ და მოიქეცი როგორც პოლიციელი. მოქალაქეებს ნუ უშლი თავისი კანონიერი უფლების განხორციელებას,“ - მიმართა გიგი უგულავამ სამართალდამცველს და კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე ქვიშის ტომრების ხელით შეტანას ეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.
საბოლოოდ, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს ტომრების ხელით მიტანის საშუალება მისცეს.