გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
„yk24“(რუსეთი): ქართული ცეცხლი იაკუტიაში

1-03-2018

რუსულმა ტელეკომპანია «ТВ Якутия-24»-მა ეთერში გადასცა ინტერვიუ საქართველოს სამეფო ბალეტის დასის ხელმძღვანელთან, გელა ფოცხიშვილთან.

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:


ეთერშია „აქტუალური ინტერვიუ“ მოგესალმებით. მე მარინა ზახაროვა გახლავართ და როგორც ყოველთვის, ჩვენ ყველაზე აქტუალურ თემებზე ვმსჯელობთ.

იაკუტსკში დღეს თვითმფრინავით საქართველოს სამეფო ბალეტის დასის წევრები გვეწვივნენ. ჩვენთან ჯერ კიდევ ახსოვთ ლეგენდარული ქართული ანსამბლის „რუსთავის“ ორი წლის წინანდელი გასტროლები, რომელთა შედეგად ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, რბილად რომ ვთქვათ, კულტურულ შოკში აღმოჩნდა. აი, ახლაც, კიდევ ერთი სახელოვანი ანსამბლი მზადაა იაკუტსკელთა გულის მოსანადირებლად. თუ რით შეუძლიათ ჩვენი გაკვირვება, როგორი ეროვნული ტრადიციებითა და თანამედროვე ხელოვნებით, ამის შესახებ ჩვენ საქართველოს სამეფო ბალეტის ხელმძღვანელთან გელა ფოცხიშვილთან.


- „გამარდჯობათ“, გელა. როგორ იმგზავრეთ? როგორია პირველი შთაბეჭდილებები?


- გამარჯობათ, „დობრიი დენ“! ჩვენი გასტროლები რუსეთში საკმაოდ რთული აღმოჩნდა - ძალიან ბევრი გადაჯდომები მოგვიწია და როგორც იქნა, იაკუტიამდე მოვაღწიეთ. ჩვენი შთაბეჭდილებებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. უბრალოდ, არ ველოდით, რომ იაკუტსკი ასეთი მშვენიერი ქალაქი იქნებოდა, იაკუტია კი ასეთი გულღია მხარე. ჩვენ არ ვიცოდით, როგორ დაგვხვდებოდით, არ ვიცოდით თქვენი დამოკიდებულება... ხალხი კი გულთბილად შეგვხვდა. ახლა განწყობა საუკეთესო გვაქვს.


- გვითხარით, გეთაყვა, რატომ უწოდებთ თქვენს ბალეტს „სამეფოს“ და საერთოდ, რით განსხვავდება ქართული ბალეტი კლასიკური ბალეტისაგან?


- თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ამას გვეკითხება. პასუხს იმით დავიწყებ, რომ ეს ანსამბლი მამაჩემმა შექმნა, ჯერ კიდევ 1962 წელს - როგორც სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებული ანსამბლი, „მეტეხის“ სახელმწოდებით. იმ დროს ანსამბლმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. მოგვიანებით მე შევხვდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და საუბრის დროს ასეთი იდეა დაიბადა: რადგანაც ჩვენთან ცხრამეტი საუკუნის განმავლობაში იყო საქართველოს მმართველი სამეფო დინასტია (ჩვენ უძველესი ისტორია გვაქვს), შექმნილიყო საქართველოს სამეფო ეროვნული ბალეტი. ეს მოხდა 2009 წელს. კათოლიკოს-პატრიარქმა გვთხოვა, რომ შეგვენარჩუნებინა ქართველი ეროვნული ცეკვის ტრადიციები, საქართველოს მეფეების პატივსაცემად, რადგან ეს ჩვენი ისტორიაა. აი, ასე მოხდა ყველაფერი.


- თქვენ თქვით, რომ მამამ შექმნა ანსამბლიო. მამათქვენი თუ ცეკვავდა?


- რა თქმა უნდა. მამაჩემს თითქმის მთელი მსოფლიო აქვს შემოვლილი. იგი [საბჭოთა] ანსამბლების ნაკრების შემადგენლობაშიც ცეკვავდა, იგორ მოისეევის პროგრამაის მიხედვით. მე თვითონ „მეტეხში“ ვცეკვავდი. ჩვენი ანსამბლი კლასიკური ბალეტი კი არაა, არამედ უფრო მიმართულება გვაქვს ასეთი, ანუ არც ძალიან კლასიკური და არც ძალიან ფოლკლორული. ჩვენ სცენური ცეკვები გვაქვს, გარკვეული ჩანაფიქრებით, ცვლილებებით... ჩვენ გვსურს, რომ ეს თვითონ მაყურებელმა ნახოს და შეაფასოს. ჩვენთან, საქართველოში, გვაქვს ცეკვის აკადემია, სადაც ახალგაზრდები ყველა ქართული ცეკვას ეუფლებიან, პლუს სხვა ხალხებისაც. ჩვენ ტრადიციულ ცეკვებს ვათანამედროვებთ.


- თქვენ პროგრამას „ქართული ცეცხლი“ ჰქვია. რით „დაწვავთ“ მაყურებელთა გულებს?


- რასაკვირველია, ეს პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ სცენაზე ნამდვილ ცეცხლს ავაგიზგიზებთ, თუმცა არც უიმისობა არ იქნება... „ქართული ცეცხლი“ - ეს ჩვენი გულების ცეცხლია, ჩვენი ქვეყნის ცეცხლი. ყველა ამბობს, რომ მთელი კავკასია მგზნებარედ ცეკვავსო, მაგრამ ქართველების ცეკვა მაინც განსაკუთრებულია: ჩვენი ცეკვა გულწრფელია, ვნებიანია, სიყვარულით სავსე. ჩვენ ანსამბლში უმშვენიერესი გოგონები და ბიჭები გვყავს. ქართველები მართლმადიდებლები ვართ და რწმენა საშუალებას გვაძლევს გოგონებმა და ბიჭებმა ერთად იცეკვონ. ერთ-ერთ ცეკვაში თქვენ შეამჩნევთ ინტიმურ მომენტებსაც, როცა ქალი და კაცი ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგანან, მაგრამ ერთმანეთს არ ეხებიან. ამავე დროს მათ დიდი სიყვარული აკავშირებთ, ცეცხლოვანი სიყვარული. სწორედ ეს მოკრძალება ქართველი ხალხისა ჩანს ცეკვებში, მოკრძალება სიყვარულში.


- შეიძლება ახლავე ვთქვათ, რომ დარბაზში ტემპერატურა აიწევს...


- რა თქმა უნდა. არამხოლოდ ამ საგასტროლო ტურის დროს არის ასე, არამედ ბოლო ათი წლის განმავლობაში. მაყურებლები გამუდმებით ტაშს გვიკრავენ. „ასეთი რამ არასოდეს არ გვინახავსო“, ამბობენ. ვფიქრობ, ახლაც ასე იქნება.


- რამდენი ქალია ანსამბლში?


- საერთოდ, აქ ანსამბლის 32 წევრი ჩამოვედით, 12 მოცეკვავე ქალი გვყავს.


- ხმლებით და ხანჯლებით ცეკვა თუ იქნება? კოსტიუმები...


- ყველაფერი იქნება - ხმალ-ხანჯლებით, ფეხის წვერებზეც... ნაირ-ნაირი საცეკვაო ტანსაცმლით. სხვათა შორის, ჩვენ 300-მდე საცეკვაო კოსტიუმი გვაქვს. ვფიქრობ, სცენაზე ძალიან ლამაზად გამოვალთ და ამაში თქვენც დარწმუნდებით.


- გელა, საქართველოში რომელი ქალაქების სცენაზე გამოდიხართ ხოლმე? რუსეთში, სხვა ქვეყნებში?


- საქართველოში ჩვენ გამოვდივართ თბილისში და ქვეყნის პრაქტიკულად ყველა კუთხეში, საზღვარგარეთაც. რაც შეეხება კონკრეტულად რუსეთს... როცა შემოგვთავაზეს რუსეთში გასტროლები, მე იმწუთშივე დავეთახმე - რატომაც არა... ჩვენ ხომ ერთმანეთს გულები უნდა გავუთბოთ. ნუ ჩავერევით პოლიტიკაში. პოლიტიკოსები თავიანთ საქმეებში თვითონ გაერკვევიან, ჩვენ კი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, რომლებსაც ერთმანეთი გვიყვარს და ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ზოგიერთმა ქართულმა ანსამბლმა რუსეთში გასტროლებზე უარი განაცხადა - „ჩვენ იქ წასვლა არ გვსურსო“. მე არასდროს უარს არ ვიტყვი, რადგან პოლიტიკას კი არ ვემსახურები, არამედ ხალხთა მეგობრობას. ასე აღმოვჩნდით რუსეთში. დავიწყეთ ეკატერინბურგიდან, შემდეგ ნოვოსიბირსკი, ირკუტსკი, შორეული აღმოსავლეთის ქალაქები, კამჩატკა, ბოლოს კი აქ, იაკუტსკში..
----------
ინტერვიუში გელა ფოცხიშვილი საუბრობს აგრეთვე რუსი მაყურებლის ხასიათზე, ცეკვებისადმი ასაკობრივ დამოკიდებულებაზე, კონცერტის სტრუქტურაზე, ცეკვების რაოდენობაზე და სიურპრიზებზე, რომლებიც მაყურებელს თითოეული კონცერტის ბოლოს ელოდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930