18-11-2019
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ორივე საარჩევნო სისტემა ლეგიტიმური და დემოკრატიულია, 2020 წელს კი არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს და დესტრუქციის გზით სააკაშვილთან ერთად, ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს.
"ცხადია, ყველა საარჩევნო სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა ორივე საარჩევნო სისტემა ლეგიტიმური და დემოკრატიულია. 2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით ისევე, როგორც ტარდებოდა აქამდე, უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე.
არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენ სწორედ ამ საარჩევნო სისტემის პირობებში შევცვალეთ ძალადობითა და სისასტიკით გამორჩეული რეჟიმი, რომელიც პრაქტიკულად სრულად აკონტროლებდა პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებულ ყველა ინსტიტუტსა და ინსტრუმენტს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი დევიზი - ძალაუფლება ნებისმიერ ფასად - უცვლელი რჩება. ვინაიდან არცერთი საარჩევნო სისტემის პირობებში მათ გამარჯვების შანსი არა აქვთ, ისინი დესტრუქციის შემოტანით ცდილობენ, სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მსჯავრდებულ სააკაშვილთან ერთად, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ბუნებრივია, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული.
ხალხის მობილიზების რესურსის არქონის ფონზე - რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა - ისინი ახლა უკვე იაფფასიანი დესტრუქციული პერფორმანსებით ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში არეულობის შემოტანას.
ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მომთმენი. თუმცა, მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება"-განაცხადა კალაძემ.