18-11-2019
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" და მის განშტოებებს ერთხელაც არ დაუყენებია საკითხი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ.
მისივე თქმით, გუშინდელი საპროტესტო აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, დავით უსუფაშვილს 4 წლის მანძილზე თითი თითზე არ დაუკარებია საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად, მათ შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.
"გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა, რეალური მიზანი კი, პოლიტიკური პროცესის დესტრუქციულ რელსებზე გადაყვანაა.
შეგახსენებთ, რომ ეს პოლიტიკური ძალა, წლების განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მართავდა ქვეყანას და შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა ერთხელაც არ უფიქრია.
მეტიც, 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმა ისე განხორციელდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი არც კი განუხილავთ, არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც მაშინდელ საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ იმ პოლიტიკურ ძალებს და სხვა სუბიექტებს, რომლებიც ახლა აქციაზე ვიხილეთ.
მოგვიანებით, 2012-2016 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა გუშინდელი საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე, დავით უსუფაშვილი, რომელსაც 4 წლის მანძილზე თითი თითზე არ დაუკარებია საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად, მათ შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.
2017 წელს კი, სწორედ ამავე პოლიტიკური ძალების ბოიკოტის ფონზე მოახერხა "ქართულმა ოცნებამ", ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, განეხორციელებინა წარმატებული საკონსტიტუციო რეფორმა და პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა შემოიღო.
ეს იყო ის მაქსიმუმი, ის რთული შიდაპარტიული კონსესუსი, რომლის მიღწევა, საკითხისადმი მაჟორიტარი დეპუტატების უდიდესი ნაწილის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე, დიდი ძალისხმევის ფასად იქნა მიღწეული.