20-11-2019
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება IRI-ის კვლევას უნდობლობას უცხადებს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით მოქალაქეთა მხრიდან, საქართველოს პროფესიული კავშირების მიმართ ნდობა 22%-ია და 7-8%-ით აღემატება ამავე ორგანიზაციის წინა წლების კვლევებში მოყვანილ მონაცემს.
მიუხედავად ამისა, პროფკავშირების გაერთიანება უნდობლობას უცხადებს, როგორც IRI-ის, აგრეთვე მის კვლევასაც.
“IRI - პროფკავშირებისადმი მტრულად განწყობილი ინსტიტუტია მთელ მსოფლიოში და საქართველოს პროფკავშირებისა და არა მარტო ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების და ათასობით რესპოდენტის გამოკითხვის მიხედვით, მსგავსი საქმიანობით საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს და თავად მის მიმართ ნდობა გააჩნია რესპოდენტთა 0.05% და ხოლო მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს 99.5%.
მიუხედავად იმისა, რომ "ინსტიტუტმა" ბოლო გამოკითხვის მიხედვით 22%-იანი ნდობის მაჩვენებელი მიანიჭა პროფკავშირს და გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით მისი საქმიანობის მიმართ უარყოფითად იმაზე ნაკლები ადამიანია განწყობილი, ვიდრე სასამართლოს, პრეზიდენტის ოფისის, ეროვნული ბანკის და მთავრობის მიმართ, სრულებით გაუგებარია რატომ გამოიკვლია იგი იმ ინსტიტუტების გვერდით, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წინა წლებშიც არაერთხელ გამოხმაურებია IRI-ის საქმიანობასა და კვლევებს. დღესაც აღვნიშნავთ, რომ გასაკვირია, წლების განმავლობაში ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევებში საქართველოში მოქმედი სახელმწიფო ბიუჯეტის მრავალმილიონიან დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების, ინსტიტუტების და უწყებების გვერდით პროფკავშირების მოხსენიება მაშინ, როდესაც საქართველოს პროფკავშირებს არანაირი შეხება არ გააჩნია საქართველოს ბიუჯეტის თანხებთან და არც უნდა გააჩნდეს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პროფკავშირები არის დამოუკიდებელი და თავისუფალი, როგორც სახელმწიფოსგან, ისე ნებისმიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციისგან. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ემორჩილება მხოლოდ დასაქმებული ადამიანების - პროფკავშირების წევრების მიერ შექმნილ წესდებას და ხელმძღვანელობს მისი ყრილობისა და გამგეობის გადაწყვეტილებებით.
ასევე, ხაზგასასმელია ის საკითხი, რომ თუკი ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის მიზანი პროფკავშირების, როგორც სოციალური დიალოგის მონაწილის შეფასებაა, გასაკვირია რატომ არ აფასებს დამსაქმებელთა გაერთიანებების და საქართველოში არსებული ბიზნეს ასოციაციებისადმი მოსახლეობის განწყობებს, ალბათ იმიტომ, რომ საყოველთაოდაა ცნობილი ამერიკის რესპულიკური ინსტიტუტის თბილი და მხარდამჭერი დამოკიდებულება ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და კაპიტალისტების სხვა მსგავსი კლუბებისადმი და მათ სავარაუდოდ ნულოვან პოპულარობას მათი საეჭვო რეპუტაციის კვლევებითაც კი ვერ მოუხერხებდნენ რამეს და შესაბამისად, ვერც საქვეყნოდ გაამჟღავნებდნენ.
ისევე, როგორც წინა წლებში იყო, დღესაც ნათელია "საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის" კვლევების რეალური მიზანი და განზრახვა: "ძირს პროფკავშირები! ნეოლიბერალიზმი ყველგან და ყოველთვის!”-ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.