25-11-2019
ექიმების ინფორმაციით, „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ საუბარია 60 ექიმის ერთობლივ ღია წერილში, რომლის ადრესატიც დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პრიტი პატელია.
წერილში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის ციხეში მყოფ ასანჟს სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება.
ექიმები აცხადებენ, რომ აუცილებელია ციხიდან მისი საუნივერისტეტო კლინიკაში გადაყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს გარდაცვალების რისკი.
წერილში სხვადასხვა ქვეყნის 60 ექიმი აცხადებს, რომ 48 წლის ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხზე სასამართლო განხილვაში ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის მონაწილეობა არ არის რეკომენდებული.
19 ნოემბერს შვედეთის პროკურატურამ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმის გამოძიება შეწყვიტა.
ჯულიან ასანჟი დიდ ბრიტანეთში, ეკვადორის საელჩოში 2019 წლის აპრილში დააკავეს. პირველ მაისს ლონდონის სასამართლომ მას 50 კვირით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასანჟი ლონდონის სიახლოვეს, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.
https://1tv.ge/news/eqimebis-informaciit-julian-asandjis-sicockhles-safrtkhe-emuqreba/